სემეკმა დაიწყო ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირებას და კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების ფაქტობრივი შესრულების ტექნიკური ანალიზი, რაც გულისხმობს გამანაწილებელი ქსელების ადგილზე შემოწმებას. სემეკის სპეციალური ჯგუფი, რეგიონებში ადგილზე ამოწმებს ქსელებს და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიას უწესებს გამოსასწორებელ ვადებს, რომელიც ასევე მკაცრი მონიტორინგის ქვეშაა.
დავით ნარმანიას განმარტებით, სემეკის მხრიდან მონიტორინგის გამკაცრება გახშირებულ მომართვიანობასაც უკავშირდება.
„ადრე არსებული მითოლოგიის და წესების მიხედვით, ჩვენ საინვესტიციო პროექტების დამტკიცების დროს ვავალებდით გამანაწილებელ კომპანიებს „ენერგო პროს“ რეგიონებში, „თელასს“ თბილისში, რომ წარმოედგინათ ჩვენს მიერ შერჩეულ პროექტებზე საექსპერტო დასკვნები, რაც გულისხმობდა ტექნიკურ და შესაბამისობის შემოწმებას და დამოუკიდებელი, აკრედიტებული პირი დებდა დასკვნას. მაგრამ ეს ხდებოდა მხოლოდ შერჩევით პროექტებზე, ყველა პროექტებზე არ ვრცელდებოდა. თუმცა გვქონდა ერთი შემთხვევა, როდესაც აკრედიტებულმა პირმა არასწორი დასკვნა გასცა. სინამდვილეში მდგომარეობა არ იყო გამოსწორებული, მოწესრიგებული. აღნიშნული საკითხი ჩვენ კომისიის სხდომაზე განვიხილეთ და გავუგზავნეთ აკრედიტაციის ბიუროს და ამ პირს, რომელმაც არასწორი დასკვნა დადო ტექნიკური კუთხით, ჩამოერთვა აკრედიტაცია. აქედან გამომდინარე ეს ერთის მხრივ პრევენციული ღონისძიების მატარებელი იქნება, მეორეს მხრივ სიმკაცრე ნიშნავს იმას, რომ უფრო ხარისხიანად და კვალიფიკაციურად გაკეთდება პროექტები“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
რატომ გადაწყდა ტექნიკური აუდიტის დაწყება?
სემეკი მუდმივ მონიტორინგს უწევს რეგულირებად სექტორებში სამშენებლო, სარემონტო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესაბამისობას მოქმედ სტანდარტებთან. სემეკის მიერ განხორციელებული ტექნიკური აუდიტი კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს გამანაწილებელი ქსელების სარეაბილიტაციო პროცესსა და სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებას. კომისია შესრულებული სამუშაოების შეფასების დროს ეყრდნობოდა დამოუკიდებელი ინსპექტირების აკრედიტებული კომპანიების აუდიტს გამანაწილებელი საწარმოების მიერ განხორციელებული სამუშაოების ხარისხის ნორმებთან შესაბამისობის შესახებ. თუმცა, ერთ-ერთი ასეთი კომპანიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აუდიტი არ აღწერდა რეალურ სურათს და მოიცავდა უხეშ უზუსტობებს, არ ასახავდა კონკრეტულ ობიექტზე არსებულ ხარვეზებს, რომლებიც შესაძლოა ყოფილიყო საფრთხე ადამიანის სიცოცხლისთვის. აღნიშნული კომპანიის შესახებ სემეკმა მიმართა აკრედიტაციის ცენტრს. ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე აღნიშნულ ინსპექტირების კომპანიას აკრედიტაცია მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან შეუჩერდა.
„სემეკის მიერ განხორციელებული ტექნიკური აუდიტი კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს გამანაწილებელი ქსელების სარეაბილიტაციო პროცესსა და სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებას“, - აცხადებს ნარმანია.
ინფორმაციისთვის, სემეკს მიღებული აქვს 50-მდე ნორმატიული აქტი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპული დირექტივების მოთხოვნებთან. მათ შორის, გათვალისწინებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა, რომელიც გამოიყენება ახალი ინფრასტრუქტურის სტანდარტად. სემეკის მიერ დამტკიცებული „ელექტროენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების შეფასების წესი“ აწესრიგებს ელექტროენერგიის სექტორში რეგულირებადი საწარმოების მიერ განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შეფასების წესებსა და კრიტერიუმებს. იმისათვის, რომ ინვესტიცია სემეკმა მიიჩნიოს გონივრულად, ის უნდა აკმაყოფილებდეს წესის მოთხოვნებსა და ამასთანავე, უნდა დაიგეგმოს დანახარჯების გონივრულობის პრინციპების საფუძველზე. ინვესტიციების შედეგად შექმნილი აქტივები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებს.