გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობა ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.

2022 წელს 22.9 მგვტ სიმძლავრის ახალი ჰიდროსადგურები შევიდა ექსპლუატაციაში, ხოლო 2023 წლის პირველ სამ კვარტალში - 5.7 მგვტ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, წელს დაგეგმილია 118 მგვტ სიმძლავრის ჰიდროსადურების ექსპლუატაციაში მიღება. ელექტროსადგურების მშენებლობის მხარდასაჭერად კი, სახელმწიფომ განახლებადი ენერგიების ობიექტებისთვის მხარდამჭერი მექანიზმები შეიმუშავა.

“ახალი თაობის სიმძლავრეების დამატების ტემპი ნელია. განახლებადი სიმძლავრეების დამატება შეჩერებულია და ძირითადად, შედგება მდინარის მოდინებაზე მომუშავე სადგურებისგან. პროექტები ჩამორჩება დასრულების დაგეგმილ თარიღს, ხოლო დიდი ხნის ნანატრი ქარისა და მზის პროექტები ჯერ კიდევ არ გადასულა მშენებლობის ეტაპზე“ - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რჩება ელექტროენერგიის წმინდა იმპორტიორად, ქვეყანას ზაფხულში ჯერ კიდევ აქვს ჭარბი გამომუშავება საექსპორტოდ.

„განახლებადი ენერგიის იმ პოტენციალის გამოყენება, რომელსაც ქვეყანა ფლობს, გამოიწვევს სუფთა ენერგიის ექსპორტს მთელი წლის განმავლობაში თურქეთში ან ევროკავშირში, უმაღლესი შემოსავლების სანაცვლოდ“ - წერია ანგარიშში.

სსე-ს მონაცემებით, 2033 წლისთვის საქართველოს გენერაციის ჯამური დადგმული სიმძლავრე ორჯერ - 9,848 მეგავატამდე გაიზრდება. მთლიანი მოცულობის 44% (4348 მეგავატი) იქნება მარეგულირებელი ჰიდროენერგია, 29% (2887 მეგავატი) სეზონური ჰიდროენერგია, ხოლო თერმული გამომუშავება მთლიანი დადგმული სიმძლავრის 16% (1589 მგვტ) იქნება. ქარი და მზის ენერგია დაიკავებს შედარებით მცირე წილს - მთლიანი დადგმული სიმძლავრის 9%-ს (850 მეგავატი) და 2%-ს (174 მგვტ).