მზად ვართ, განვიხილოთ სხვა მხარდამჭერი მექანიზმებიც, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომელიც „თიბისი კაპიტალის“ კვლევის „საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი: სამომავლო პერსპექტივები" პრეზენტაციას დაესწრო.

„ენერგეტიკის მხარდაჭერაზე ჩვენ მუდმივი დიალოგი გვაქვს კერძო სექტორთან. ბოლო დღეებშის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც ჩვენი მხარდაჭერის ძირითადი პრინციპები კერძო სექტორთან შევაჯერეთ, რათა უფრო ქმედითი იყოს ჩვენი მხარდაჭერა და რეალურად განხორციელებული პროექტები მივიღოთ დროში უფრო სწრაფად. ამიტომ, ჩვენ სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში, ვაცნობთ სახელმწიფო ხედვას და ვაფიქსირებთ მკაფიო მხარდაჭერას ენერგეტიკული სექტორის განვითარების მიმართ. ინვესტორებისთვის ეს მნიშვნელოვანი მესიჯია.

დღესაც, „თიბისი კაპიტალთან“ ერთად გვექნება მსჯელობა დაფინანსების წყაროებზე, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ, პროექტები გადავიყვანოთ განხორციელების ეტაპზე. ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერი მექანიზმი ფასის კუთხით, არის ძალიან ქმედითი, თუმცა ჩვენ ბიზნეს ასოციაციასთან საუბრისას განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, განვიხილოთ სხვა მხარდამჭერი მექანიზმებიც, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროცესს. ამიტომ, აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის, საფინანსო სექტორთან ჩვენთვის მნიშვნელოვანია. „თიბისი კაპიტალი“ და „თიბისი ბანკი“ ზოგადად არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამფინანსებელი ენერგეტიკის სფეროში და ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობით ვფიქრობთ, ბანკებთან ერთად შევუწყობთ ხელს განახლებადი წყაროების ენერგოპროექტებს“ - აღნიშნა ლევან დავიტაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.