26 მაისის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ოზურგეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე  აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ენერგეტიკის სივრცე მოეწყო, სადაც ყველა ასაკის დამთვალიერებელს შეეძლო მიეღო ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკის სექტორისა და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. მოედანზე დამონტაჟდა ენერგეტიკული რუკა, სადაც დატანილი იყო ქვეყნის ყველა ძირითადი ელექტროსადგური და ელექტროგადამცემი ხაზი, აგრეთვე ინფორმაცია იმ პროექტებზე, რომლებიც პროექტირების ან მშენებლობის პროცესშია.

სპეციალურად ბავშვებისთვის განთავსდა შემეცნებითი კუთხე მზის და ქარის ელექტროსადგურების მაკეტებით.

ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე განთავსებული ენერგეტიკული პავილიონი და სხვა ატრაქციები გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა, აგრეთვე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, სახელმწიფო ენერგეტიკული უწყებებისა და კომპანიებისა და სამხარეო და მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს.

“ჩვენი სამშობლოს თითოეულ მოქალაქეს მინდა მივულოცო უმნიშვნელოვანესი დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე. ქვეყნის ენერგეტიკული სიძლიერე და განვითარება არის საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი საწინდარი. დღეს ჩვენ ოზურგეთელებს და ქალაქის სტუმრებს მივაწოდეთ სრული ინფორმაცია ქვეყნის ენერგეტიკის, მისი მიღწევებისა და სამომავლო სტრატეგიული პროექტების შესახებ, რომლებიც მომავალში კიდევ უფრო განამტკიცებენ ჩვენი სამშობლოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ამით თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებაში,” - განაცხადა სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა.

ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე მოსული დამთვალიერებლებისთვის ასევე მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცე, ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა - გაყიდვა, კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით, ფეიერვერკი და სხვა ატრაქციები.