2015-2023 წლის პერიოდში, საქართველოში ელექტროენერგიის სექტორში ჯამურად 1.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ელექტროენერგიის ჯამური დადგმული  სიმძლავრე 549 მგვტ-ით გაიზარდა. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ჰიდროენერგიის მაქსიმალური პოტენციალის 47%, ქარის ენერგიის - 2%, მზის ენერგიის კი 0% აქვს ათვისებული.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ახალ პუბლიკაციაში „საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი: სამომავლო პერსპექტივები".

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ელექტროენერგიის მოხმარების გრძელვადიანი ტენდენცია მზარდია. 2023 წელს მოხმარება, ძირითადად, მსხვილი კონტრაქტორების ხარჯზე შემცირდა, რაც ეპიზოდურ მოვლენას წარმოადგენს.

"სექტორებში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მეტალურგია მოიხმარს. 2023 წელს მეტალურგიის შემდეგ, ყველაზე მეტი ელექტროენერგია წარმოების სექტორმა, კრიპტოინდუსტრიამ, წყალმომარაგებამ და სატრანსპორტო ინდუსტრიამ მოიხმარეს. თუმცა მეტალურგიასა და კრიპტოინდუსტრიაში ელექტროენერგიის მოხმარებამ, 2022-2023 წლებში, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად იკლო. მეტალურგიის სექტორში კლება, რეგიონში გეოპოლიტიკური მდგომარეობის გაუარესებით და გლობალურად ფასების კლებით აიხსნება. კრიპტოინდუსტრიაში მოხმარების შემცირება კი, მსხვილი კომპანიების ქართული ბაზრიდან გასვლითაა გამოწვეული.

დღეისთვის, ელექტროენერგიის ჯამური დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 4,600 მეგავატს შეადგენს. 2017 წლიდან, გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვის ტარიფებზე - PPA-ზე მორატორიუმის გამოცხადების შედეგად, დარგში ინვესტირება შენელდა. ახალი მხარდამჭერი მექანიზმი კი დარგის გააქტიურებას გამოიწვევს.

2023 წელს ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის 74% ჰიდროსადგურებმა, 26% - თბოსადგურებმა, 4.6% კი ქარის სადგურებმა გამოიმუშავეს. 2015-2023 წლებში, ჰიდროგენერაცია 28%-ით, თბოგენერაცია კი 42%-ით გაიზარდა. ზრდებს შორის სხვაობა განახლებადი რესურსების დამატებით საჭიროებაზე მიანიშნებს" - აცხადებს "თიბისი კაპიტალი".