ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით სუბიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, უფრო მეტი მოგება ნახონ - ამის შესახებ სემეკის ბაზრის მონიტორინგის დირექტორმა ნიკოლოზ სუმბაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ბირჟაზე მონაწილეობით, ბაზრის სუბიექტებისთვის შესაძლებლობები ნამდვილად არსებობს.

„ბირჟაზე მონაწილეობით, ბაზრის სუბიექტებისთვის შესაძლებლობები ნამდვილად არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ მათ აკლიათ ელექტროენერგია, მოხმარების კუთხით ან აქვთ სიჭარბე, არსებობს შესაძლებლობა, რომ გაყიდონ ან იყიდონ ელექტროენერგია და ის ფასის განსხვავებები, რაც შეიძლება კონტრაქტში ჰქონდეთ, ან საბალანსო ბაზრიდან შესყიდულ ელექტროენერგიაში, უფრო მეტი შეღავათი, ან მოგება ნახონ ბირჟაზე ვაჭრობით“. - განაცხადა ნიკოლოზ სუმბაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, რომელიც ბაზრის მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ.

„მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ბირჟა ნამდვილად აჩენს შესაძლებლობებს ბაზრის მონაწილეებისთვის. 1 წლის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, რომ გარკვეული სპეციფიკა შეითვისონ და მოერგონ ბირჟას“, - განაცხადა ნიკოლოზ სუმბაძემ.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკული ბირჟა მიმდინარე წლის 1 ივლისიდან შეზღუდული ფორმით გაიხსნება - ბირჟაზე წარმოდგენილი იქნებიან გენერაციის ობიექტები, მაგრამ მარეგულირებელ ჰესებს (დიდი ზომის ჰესებს) ის არ შეეხება. გენერაციის ობიექტებთან ერთად ბირჟაზე იქნებიან წარმოდგენილი მსხვილი მომხმარებლები, თუმცა მათი ამ სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობით მოხდება. ამავე სისტემაში არ მოხვდება იმპორტირებული ელექტროენერგიაც. აღნიშნული სახით ბაზარი 1 წლის ვადით იმოქმედებს, 2025 წლიდან კი ბაზარი სრულყოფილი სახით გაიხსნება.