“სამწუხაროდ, კვლავ უმაღლესი ფინანსური ჯარიმა დაეკისრა სს “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგში“ შემავალ ქსელურ კომპანიას. გადაწყვეტილებას ცალსახად უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მივიჩნევთ. მას რა თქმა უნდა, სასამართლოში გავასაჩივრებთ, დადგენილი წესით და სრულიად დარწმუნებულნი ვართ, რომ ობიექტური განხილვის შედეგად, აუცილებლად გაუქმდება“ - აცხადებს “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბოცვაძე.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ენერგეტიკისა მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიდგომები მეტად შემაშფოთებელი და დამაფიქრებელია, რაც ჯარიმებს უკავშირდება.

“საგულისხმოა, რომ უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში, კომპანია სულ ორჯერ იყო დაჯარიმებული ჯამური თანხით 30000 ლარი. ხოლო უკანასკნელი მხოლოდ 11 თვის განმავლობაში კომპანია უკვე მესამეჯერ სანქცირდება თანხით - 225 ათასი ლარი.

მეორეს მხრივ, ხაზგასასმელია კიდევ ერთი საყურადღებო პროცესი: მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნით უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ფინანსური სანქციის მაქსიმალური ოდენობა 75-დან 500 ათას ლარამდე ზრდა იგეგმება. შესაბამისად, ვიღებთ შემდეგ სურათს - გაურკვეველ მიზეზთა გამო, დრამატულად გახშირდა ფინანსური ჯარიმის გამოყენება, ჯარიმები უსამართლო და არაადეკვატურია, იგეგმება ფინანსური სანქციების ოდენობის ზრდა 7-ჯერ. საგულისხმოა, რომ მსგავსი სიდიდის (500 ათასი ლარი) ფინანსური სანქცია არც საქართველოში და არც ევროპული ქვეყნების მარეგულირებლების შემთხვევაში არ არსებობს, იმგვარ დარღვევებზე, რაც თითქოს, აღმოჩენილი იქნა ჩვენს შემთხვევაში“ - ამბობს მიხეილ ბოცვაძე.

მისივე თქმით, მიუხედავად უსამართლო-დისკრიმინაციული დამოკიდებულებისა, არაერთი ხელის შემშლელი ფაქტორისა, გასულ წლებში გადატანილი თავდასხმებისა თუ ფინანსური კრიზისებისა, კომპანია ამ ეტაპზე მიდგომებს არ ცვლის.

“განვაგრძობთ ჩვეულ რეჟიმში ინვესტირებას და ჩვენი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, რამეთუ ვაცნობიერებთ “ენერგო-პრო ჯორჯიას“ მნიშვნელობას ენერგეტიკის დარგისთვის და რომ წარმოვადგენთ ერთ-ერთ უმსხვილეს ევროპულ ინვესტორს თუ დამსაქმებელს ქვეყანაში“ - აცხადებს “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბოცვაძე.