ბოლო წლებში, საქართველოს ენერგოსექტორი ნაკლებად ხდება იმპორტზე დამოკიდებული და გენერაციის მზარდი წილი გადის ექსპორტზე. 2023 წელს გენერაციის 10% გავიდა ექსპორტზე. იმპორტის წილმა მოხმარებაში კი 6% შეადგინა, რაც 2022 წელს 11% იყო.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ახალ პუბლიკაციაში „საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი: სამომავლო პერსპექტივები".

ანგარიშის თანახმად, ელექტროენერგიის ბაზრის მომავალს შემდეგი მოვლენები და ტენდენციები განსაზღვრავს: საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის და მდგრადი განვითარების მიზნები; ელექტროენერგეტიკული ბირჟა; ევროკავშირთან ინტეგრაცია; მსოფლიოში ელექტრონულ მოწყობილობებსა და ელექტროავტომობილებზე მოთხოვნის ზრდა; გეოპოლიტიკური დაძაბულობა და ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის საჭიროება; კლიმატის ცვლილება და მდგრადი ენერგო პოლიტიკა; მზის პანელების ფასის შემცირება/ტექნოლოგიების განვითარება და ელექტროენერგიით თვითუზრუნველყოფა.

მაღალი ეკონომიკური აქტივობა ელექტროენერგიაზე მოთხოვნას  ზრდის. პროგნოზის მიხედვით, 2024 წელს ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 5.1%-ით გაიზრდება. მოხმარების ზრდის განმაპირობებელი ფაქტორებია: შემოსავლების ზრდა, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ოჯახის ზომის შემცირება, ურბანიზაცია; საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის გააქტიურება; ელექტრონული მოწყობილობების მზარდი მოხმარება.

2026 წლისთვის, ელექტროენერგიის გამომუშავება 16.3 ტვტ. საათს მიაღწევს, ძირითადად, ჰიდროენერგიის ხარჯზე.

რაც შეეხება ექსპორტის პოტენციალს - საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან ენერგიის სტაბილური მიმოცვლის შესაძლებლობები აქვს, რაც მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. თურქეთის ბაზარზე მოსალოდნელია მოთხოვნის უფრო სწრაფად ზრდა, ვიდრე გამომუშავების, რაც იმპორტის დამატებით საჭიროებას შექმნის.

მომდევნო 3 წელიწადში, საქართველოში ელექტროენერგიის ჯამური საექსპორტო პოტენციალი 2.5 ტვტ. საათს გადააჭარბებს.