ევროკავშირი-საქართვლოსთვის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელების პროცესში დახმარება აუცილებლად იქნება, როგორც ტექნიკური, ასევე, ფინანსური - ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძე ისაუბრა.
მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ პროექტის შესახებ ევროკომისრის მიერ მიწვეულ ევროპულ ბანკებს პრეზენტაცია წარუდგინა.
„ევროკომისარმა შეხვედრაზე მოიწვია ევროპის ბანკები, რომელთაც, ჩვენ წარვუდგინეთ პრეზენტაცია - თუ რა სიახლეები გვაქვს პროექტის კვლევაში და წარვუდგინეთ ახალი ინფორმაცია, გარემოებები, რომელიც ამასთან დაკავშირებით გვაქვს. ცალსახაა, რომ ევროკომისია, ევროკავშირი ხედავს საქართველოს, როგორც რეგიონს, სადაც არის განახლებადი, აუთვისებელი, მწვანე ენერგიის წყარო და აუცილებელია ამის ათვისება. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი და ორმხრივად პროდუქტიული საკითხი, სადაც ევროკავშირი საქართველოს უყურებს როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს - რომ მოხდეს ამ რესურსის ათვისება და მერე მისი ექსპორტირება ევროპაში“ - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.
რაც შეეხება ევროპული ბანკებისთვის პროექტის წარდგენას, მისივე თქმით, ეს პირველად არ მომხდარა.
„გარკვეული ცვლილებებია მსოფლიოში და კიდევ ერთხელ, ყველამ დაინახა ენერგოდამოუკიდებლობის და დივერსიფიცირების, საკუთარი რესურსის საჭიროება. დღევანდელი მსოფლიოც იქით მიემართება, რომ მწვანე გარდაქმნა მოხდეს და შემცირდეს ზეწოლა ტრადიციულ რესურსებზე, ნავთობზე - ჩანაცვლდეს მწვანე ენერგიით. ამ მიმართულებაში, საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი გააჩნია ევროპისთვის. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ის ჰარმონიზება, რაც მიმდინარეობს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რა მნიშვნელოვნად ვუდგებით ამ საკითხს“ - აცხადებს რომეო მიქაუტაძე.