მეორე ე.წ. CFD აუქციონი ნოემბრის ბოლოს გამოცხადდება. მანამდე კი, საკითხზე, ენერგეტიკის კერძო სექტორთან ეკონომიკის სამინისტრო შეხვედრას გამართავს.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2022 წელთან შედარებით ენერგეტიკის დარგში გაორმაგებულია. 100 მლნ არის ევროკავშირიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ CFD მექანიზმი მუშაობს და ამას გრძნობს კერძო სექტორი. ვაპირებთ, რომ მომდევნო აუქციონი ნოემბრის ბოლის გამოვაცხადოთ. ვიდრე ეს მოხდება, ჩვენ კიდევ ერთი შეხვედრა გვაქვს კერძო სექტორთან. უბრალოდ, გვინდა ძირითად ხედვებზე ჩამოვყალიბდეთ - თუ რა ტექნოლოგიებში რამდენ მეგავატს ვაცხადებთ და ა.შ. რათა ეს მათთვის არ იყოს უცხო და მოემზადოს სექტორი. ამის შემდეგ გამოვაცხადებთ მეორე აუქციონს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახლა ბაზარი მზად არის იმისთვის რომ ორმაგი - 600 მგვტ-ის სიმძლავრე გამოვიტანოთ აუქციონზე და დარწმუნებული ვარ, მიუხედავად გაორმაგებული მოცულობისა, აღნიშნული აუქციონიც საკმაოდ გამჭვირვალედ ჩატარდება და კონკურენცია იქნება საკმაოდ მაღალი“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“.

კითხვაზე, ხომ არ კარგავს ენერგეტიკის სექტორი მიმზიდველობას მსხვილი ჰიდროსადგურების შეჩერებული პროექტების ფონზე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველოს ენერგეტიკულმა სექტორმა შეიძინა კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა, ვიდრე ოდესმე.

„დღესდღეობით, ენერგეტიკას არამხოლოდ საქართველოში, არამედ, მსოფლიოში აქვს ისეთი მნიშვნელობა შეძენილი, როგორიც არასდროს.

ჩვენ ტექნოლოგიური გარღვევის ეპოქაში ვართ, სადაც ელექტრომობილები და ელექტროხელსაწყოები სულ უფრო მრავლდება და გარდა ამისა, მსოფლიოში სახეზეა მწვანე გარდაქმნა, რომელიც ტრენდული და აუცილებელია. ამ ფონზე საქართველოს აქვს საკმაოდ დიდი რესურსი. ინვესტიციების გაორმაგება აჩვენებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. აუქციონები, უნივერსიტეტებთან მემორანდუმები, ახალგაზრდების დაინტერესება და სხვა საქმეები გვაფიქრებინებს იმას, რომ ქართულ ენერგეტიკას საკმაოდ წარმატებული მომავალი ელის, რაც საბოლოო ჯამში, თითოეულ ჩვენგანზე აისახება. ეს ნიშნავს ეკონომიკურ განვითარებას და ჩვენს რეგიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვან მოთამაშედ ქცევას“ - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.