ნამახვანის, ნენსკრას და ხუდონის პროექტები შესაძლებელია, ძალიან მოკლე პერიოდში განხორციელდეს - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ “საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის” თავმჯდომარემ დავით მირცხულავამ განუცხადა.

„მე სამივე პროექტს ვიცნობ და ვერ ნახავთ ქვეყანას, ვისაც ასეთი პროექტები ჰქონდეს და არ განახორციელოს, ასეთი პოტენციალი ჰქონდეს და არ აითვისოს. ამაზე ჩვენ ყველა ვსაუბრობთ, მაგრამ მეორე მხრივ, ზოგიერთი - ექსპერტს დავარქმევ, გამოდის და ამბობს, განახლებადი ენერგია უნდა განვავითაროთო… განახლებადი ენერგია ვერ განვითარდება, თუ ჩვენ ამ მანევრულ ჰიდროსადგურებს არ ავაშენებთ. ეს ეხება ჰიდროაკუმულაციურ, მარეგულირებელ ჰესებს, კაშხლიან ჰესებს, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ რაც შეიძლება მეტი განახლებადი ენერგიის წყარო ინტეგრირდეს ჩვენს სისტემაში. ეს რესურსი, რომელიც ღმერთისგან გვაქვს ბოძებული, უნდა ავითვისოთ“ - აცხადებს დავით მირცხულავა.

მისივე თქმით, ახლა, გადამუშავებული პროექტების ახლებურად განხორციელების პერსპექტივა დიდია.

„ვხედავ პერსპექტივას იმით, რომ პროექტები ახლა გადამუშავების სტადიაშია, ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს და ვფიქრობ, რომ იმ ახალი მიდგომებით, რაც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გააჟღერა, შესაძლებელია, ეს პროექტები ძალიან მოკლე ვადაში განხორციელდეს. რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

ზოგადად, გაიჟღერა უამრავმა არასწორმა ინფორმაციამ. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ბეტონის კაშხალი საერთოდ არ დანგრეულა არც ერთი სეისმური რისკის გათვალისწინებით და მაღალსაიმედოდ გამოიყურება. მაგრამ, არამც და არამც, არც ერთხელ მითქვამს, რომ არ უნდა მიექცეს სეისმური მდგრადობის კრიტერიუმებს ყურადღება. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ამასთან, მეტი საუბარია მოსახლეობასთან საჭირო და ვფიქრობ, რომ ადამიანები მიხვდებიან, რომ ეს ის რესურსია, რომელიც უნდა ავითვისოთ“ - აცხადებს დავით მირცხულავა „ბიზნესპარტნიორთან“.