საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე წლის მესამე კვარტლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, სემეკის მიერ დანერგილი ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა 1459-მდე გაიზარდა. ჯამური დადგმული სიმძლავრე 97 მგვტ-ია.

რაც შეეხება დადგმული სადგურების რაოდენობის განაწილებას ქსელში ჩართულობის მიხედვით. სს “თელასის” ქსელში ჩართულია 378 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 31 მგვტ; სს “ენერგო პრო ჯორჯიას” ქსელში ჩართულია - 1081 სადგური, ჯამური დადგმული სიჩქარით 66 მგვტ.

ამასთან, სს “თელასის” და სს “ენერგო პრო ჯორჯიას” ქსელებში საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ჩართულია - 828 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 631 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ საქართველოში ნეტო-აღრიცხვის მექანიზმი ამოქმედდა 2016 წელს, კომისიის მიერ მიღებული შესაბამისი დადგენილებით9 . თავდაპირველად დაშვებულ იქნა ინდივიდუალური მიერთებები, რამაც ბიძგი მისცა სამომხმარებლო დონეზე მიკროელექტროსადგურების მიმართ ინტერესს. მეორე ეტაპზე, 2019 წელს, კომისიამ განახორციელა ცვლილებები ზემოაღნიშნულ რეგულაციაში, რომელმაც გაითვალისწინა მომხმარებელთა ჯგუფის ერთობლივი ჩართვის შესაძლებლობა ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში, ხოლო 2020 წელს ასევე კომისიის გადაწყვეტილებით მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მაქსიმალური დასაშვები დადგმული სიმძლავრე 100 კილოვატიდან გაიზარდა 500 კილოვატამდე.

სემეკის განცხადებით, ნეტო-აღრიცხვის სისტემა ხელს უწყობს მომხმარებლის აქტიური ჩართვას საცალო ელექტროენერგეტიკული ბაზრის ფუნქციონირებაში.