საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ საკანონმდებლო, სტრუქტურული და პროგრამული უზრუნველყოფის ინოვაციური მოდული დანერგა.

სსე-ს ცნობით, აპლიკაციას - All Projects ანალოგი არ გააჩნია. ის უზრუნველყოფს სოციალური, გარემოსდაცვითი და ტექნიკური საკითხების უკეთ მართვას, სადაც შესაძლებელია ინტეგრირდეს სხვადასხვა ტიპის მილიონობით დოკუმენტი.

მოდულის შესახებ ინფორმაცია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ვანო ზარდიაშვილმა დონორი ორგანიზაციების - აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკის (WB), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), KfW-ის განვითარების ბანკის რეგიონალურ დირექტორებს და გარემოს დაცვისა და სოციალურ ექსპერტებს გააცნო.

სსე-ს ინფორმაციით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა ის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკად აღიარეს, ასევე აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის ქვეყნებს გაუწიეს რეკომენდაცია გაიზიარონ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მართვის გამოცდილება და  ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა დანერგონ ინოვაციური მოდული.

შეხვედრისას, ვანო ზარდიაშვილმა ისაუბრა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ იურიდიული, გარემოს დაცვის, სოციალური და ნებართვების მიმართულებით განხორციელებულ  პროექტებზე:

  • მთავრობის განკარგულებით, სსე-ის მიერ განსახორციელებელ პროექტებს მიენიჭა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების სტატუსი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი გახდა სისტემური რეგისტრაციის განხორციელება

  • ქვეყნის მასშტაბით, მიწის შესყიდვისა და კომპენსაციების გაცემის საკითხების დაზუსტებისა და უნიფიცირების მიზნით, მომზადდა და განსახილველად გაიგზავნა განსახლების კანონი, რაც უზრუნველყოფს დაურეგულირებელი სფეროს გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას და შესაბამისობაში მოიყვანს საქართველოს კანონმდებლობას საერთაშორისო რეგულაციებთან.

  • საქართველოს პარლამენტშია ინიცირებული ლიცენზირებისა და ზედამხედველობის კანონი, რომელიც ითვალისწინებს ელექტრული ქსელის მოწყობის უსაფრთხოებაზე ზედამხედველი სააგენტოს შექმნას, რომლის თანახმადაც, განხორციელდება, როგორც მშენებარე, ასევე უკვე აშენებული ნაგებობების კონტროლი.

  • პროექტების ეფექტიანად მართვისთვის, შეიქმნა მიწის რეგისტრაციის სტრუქტურული ერთეული, რომლის ჩართულობითაც სსე-მ მოიპოვა წვდომა არქივის პროგრამაზე „ატომი“, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა და მოკლე დროში გახადა შესაძლებელი კერძო მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია და მათზე უფლების მოპოვება.

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, უმოკლეს დროში გახდა შესაძლებელი პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია სახელმწიფო საკუთრებად და დატვირთვა სერვიტუტის უფლებით.

  • საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოხდა განსახორციელებელი პროექტების ინტერესის ბუფერის რეგისტრაცია-დაფიქსირება ფენად.

  • „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორის განკარგულებით, დადგინდა მინიმალური კომპენსაციის ზღვარი, რითაც გამარტივდა მოლაპარაკებების წარმოების პროცესი პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული ნაკვეთების მფლობელებთან.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სტრუქტურული ერთეულის საქმიანობა და გამოთქვეს მზაობა შემდგომი თანამშრომლობისთვის, რათა ხელი შეუწყონ გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის სისტემის სრულყოფას.