სემეკის მიერ გამოქვეყნებული წლიური ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ ჯამში 1,468 გვტ.სთ შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 1,5 - ჯერ მეტია. რაც შეეხება იმპორტის მოცულობას, დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს საქართველომ იმპორტის სახით ჯამში 790 მლნ კვ/სთ ენერგია იყიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 2-ჯერ ნაკლებია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმპორტის აღნიშნული მაჩვენებელი გასული 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზეა.
რაც შეეხება საანგარიშო წელს ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტს ქვეყნების მიხედვით, ელექტროენერგიის იმპორტის >1% აზერბაიჯანიდან, ხოლო რუსეთიდან განხორციელებული სრული იმპორტის 98% მიწოდებულ იქნა აფხაზეთისთვის. ელექტროენერგიის ექსპორტის 89% თურქეთში განხორციელდა, 5% – სომხეთში, 6% კი – აზერბაიჯანში.
„ელექტროენერგეტიკის სექტორში ენერგეტიკული უსაფრთხოების ძირითადი მახასიათებელია ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტობა. მისი უზრუნველყოფა შესაძლებელია ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებით, საკუთარი რესურსების მაქსიმალურად გამოყენების გზით. აღნიშნული, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მოკლევადიან პერიოდში იმპორტისა და გრძელვადიან პერიოდში თბოგენერაციის ჩანაცვლებას“ - აღნიშნულია სემეკის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ სემეკის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში ვრცლად მოცემულია ბმულზე.