ენერგეტიკული ბირჟა მიმდინარე წლის 1 ივლისიდან შეზღუდული ფორმით გაიხსნება - ბირჟაზე წარმოდგენილი იქნებიან გენერაციის ობიექტები, მაგრამ მარეგულირებელ ჰესებს (დიდი ზომის ჰესებს) ის არ შეეხება. გენერაციის ობიექტებთან ერთად ბირჟაზე იქნებიან წარმოდგენილი მსხვილი მომხმარებლები, თუმცა მათი ამ სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობით მოხდება. ამავე სისტემაში არ მოხვდება იმპორტირებული ელექტროენერგიაც. აღნიშნული სახით ბაზარი 1 წლის ვადით იმოქმედებს, 2025 წლიდან კი ბაზარი სრულყოფილი სახით გაიხსნება.

სემეკის ბაზრის მონიტორინგის დირექტორი ნიკოლოზ სუმბაძე აცხადებს, არსებულ გარდამავალ სტრუქტურას ემატება ახალი სავაჭრო სეგმენტი, უფრო კონკრეტულად კი დღიური ბაზრები.

„სულ ახლახან შევიდა ცვლილებები ელექტროენერგეტიკის ბაზრის კონცეფციაში, რაც გულისხმობს არსებული სტრუქტურის შენარჩუნებას, თუმცა ამ სტრუქტურას ემატება ახალი სავაჭრო სეგმენტი, კერძოდ, დღიური ბაზრები, რომელსაც მონიტორინგს გაუწევს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა.

ბაზრის კონცეფციიდან გამომდინარე ბირჟაზე მონაწილეობა ნებაყოფლობითია, თუმცა მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ ელექტროსადგურებს, რომლებსაც კომისიის მხრიდან არ უდგინდებათ ტარიფი. მეორეს მხირვ ბირჟაზე მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ უნივერსალურმა მიმწოდებლებმა და ასევე პირდაპირმა მომხმარებლებმა. მარტივად რომ ვთქვათ,  არიან  გარკვეული სუბიექტები, რომლებსაც არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ეკრძალებათ ბირჟაზე მონაწილეობა, თუმცა ზემოთ აღნიშნულ დანარჩენ სუბიექტებს ნებაყოფლობით შეეძლებათ შესვლა.

ამ მოდელით ბირჟაზე მწარმოებლებს შეუძლიათ მხოლოდ ელექტროენერგიის გაყიდვა, ხოლო პირდაპირ მომხმარებლებს ან მიმწოდებლებს შეუძლიათ ელექტროენერგია იყიდონ. ეს არის ერთ-ერთი დამატებითი შეზღუდვა, რომელიც აუცილებელი იყო, ვინაიდან ახლა ჩვენ ვართ გარდამავალ მოდელში“. - აღნიშნა ნიკოლოზ სუმბაძემ.

ნიკოლოზ სუმბაძე ასევე აცხადებს, რომ ბირჟაზე ვაჭრობა საათობრივ ჭრილში განხორციელდება, რომელიც თვის ჭრილში საბოლოოდ დაბალანსდება.

„არსებული სქემა ითვალისწინებს თვიურ ბაზარს, ვგულისხმობ, რომ საკონტრაქტო ვალდებულებები, რაც ბაზრის მონაწილეებს ერთმანეთთან გააჩნიათ თვის ჭრილში უნდა იყოს შესრულებული. ამ გარდამავალ პერიოდში ასევე რჩება ის კონცეფცია, რაც სამიზნე მოდელშია გათვალისწინებული. შედეგად რჩება საათობრივი ვაჭრობა, თუმცა ბაზრის მონაწილეებს, რომლებიც გადაწყვეტენ ბირჟაზე მონაწილეობა მიიღონ მათ შეუძლიათ საათობრივ ჭრილში ივაჭრო, რაც საბოლოო ჯამში თვის ბოლოს დაბალანსდება ესკოსთან“. - აცხადებს ნიკოლოზ სუმბაძე.