საქართველოს მთავრობის გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის საქართველო ენერგეტიკულად სრულად დამოუკიდებელი ქვეყანა იქნება. აღნიშნული კი გულისხმობს, რომ წარმოებული ელექტროენერგია სრულად დააკმაყოფილებს შიდა მოთხოვნას, ხოლო დარჩენილი ნამატი ექსპორტზე გავა, რაც საქართველოსთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება. მთავრობის აღნიშნულ გეგმას აფასებს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რომელიც მიიჩნევს, რომ ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა 2030 წლისთვის შესაძლებელი იქნება, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.
„სავსებით შესაძლებელია, რომ 2030 წლისთვის საქართველო ენერგოდამოუკიდებელი გახდეს. პირველ რიგში, ქვეყანამ შეცვალა დამოკიდებულება ენერგიის შიდა წარმოების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. დაახლოებით 2 წლის წინ დამტკიცდა ახალი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც მთავრობა მხარს უჭერს განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოებას. მათ შორის, საუბარია, ჰიდროენერგიაზე, ასევე ქარისა და მზის ენერგიაზე. აქედან გამომდინარე, ჩატარდა შესაბამისი აუქციონი, სადაც 1 000 მეგავატზე მეტი ახალი სიმძლავრე უკვე დაკონტრაქტებულია მთავრობის მიერ ხელშეწყობის მექანიზმებით, ან მიმდინარეობს უშუალოდ პროცესი ფასთან შორის სხვაობის კონტრაქტების გაფორმებასთან დაკავშირებით.
მეორე ფაქტორი არის ის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს დაბალი გადასახადები, თავისუფალი ბიზნესს გარემო და მარტივი ადმინისტრაციული პროცესები. შესაბამისად, ინვესტორების ურთიერთობა მთავრობასთან არის ძალიან მარტივი. ისინი ინტერესდებიან ენერგეტიკის სექტორით, ვინაიდან მოთხოვნა ენერგიაზე არსებობს, არსებობს მთავრობის ხელშეწყობა და ასევე გვაქვს თავისუფალი ბიზნეს გარემო. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ 2030 წლისთვის იქნეს სრულად დაკმაყოფილებული ადგილობრივი მოთხოვნა და ქვეყანა გახდეს ნეტო ექსპორტიორი. ამასთან, ეს ის პერიოდია, როდესაც უნდა დასრულდეს შავი ზღვისქვეშა კაბელის მშენებლობა, რითაც დამატებით ჩნდება საკმაოდ დიდი ბაზარი ევროპის სახით“. - აცხადებს დავით ნარმანია.