სემეკის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლიდან როგორც თბილისში, ისე რეგიონებში როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით შემცირდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიზნესისთვის წარმოების პროცესში ხარჯები მცირდება. ცხადია, ბიზნესის სხვადასხვა სექტორი წარმოების პროცესში ელექტროენერგიას განსხვავებული მოცულობით მოიხმარს, თუმცა ერთი რამ ფაქტია, ხარჯები სხვადასხვა პროპორციით ყველასთვის შემცირდება ვინც კი საქონლის საწარმოებლად ელექტროენერგიას მოიხმარს. როგორც სემეკის წევრი გივი სანიკიძე აცხადებს, არსებული მეთოდოლოგია უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელმა ზედმეტი გადასახადი არ გადაიხადოს. მისივე თქმით, ტარიფების შემცირების გადაწყვეტილების ძირითად ფაქტორებს კარგი ჰიდროლოგიური წლები და ლარის სიმყარე განაპირობებენ.

„სატარიფო მეთოდოლოგიები გარანტირებულად აზღვევს მომხმარებელს ზედმეტად გადახდილი თანხებისგან. თითოეული ტარიფი მოიცავს საპროგნოზო მონაცემებს. ეს მონაცემები კი, ბუნებრივია გულისხმობს იმას, რომ როდესაც სატარიფო რეგულირების წელი დასრულდება კომისია ვალდებულია შეადაროს ისინი ფაქტობრივ მაჩვენებლებს. ფაქტობრივ მაჩვენებლებთან განსხვავება კი აჩენს ტარიფის კორექტირების აუცილებლობას. სწორედ ასე მოხდა გასული წლის ბოლოს, როდესაც მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის მიმწოდებლებისთვის განსაზღვრა შესაბამისი ტარიფები. მოგეხსენებათ, რომ გვქონდა კარგი ჰიდროლოგიური წლები, ასევე გამყარდა ჩვენი ეროვნული ვალუტაც, რამაც საშუალება მოგვცა იმპორტის სახით უფრო მეტად იაფი ენერგია შემოგვეტანა. სწორედ ამ ფაქტორებმა შეუწყვეს ხელი საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებას“. - აცხადებს გივი სანიკიძე.

შეგახსენებთ, რომ როგორც „თელმიკოს“, ისე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კომერციული მომხმარებლებისთვის ფასები ელექტროენერგიაზე შემდეგნაირად შემცირდა:

„თელმიკოს“ კომერციული მომხმარებლისთვის ფასების შემცირება:

  • მაღალი ძაბვა (110-35 კვ ძაბვა) - ტარიფის შემცირება 10.96%-ით
  • საშუალო ძაბვა (10-6-3.3 კვ ძაბვა) - ტარიფის შემცირება 10.12%-ით
  • დაბალი ძაბვა (0.4კვ ძაბვა) - ტარიფის შემცირება 9.11%-ით

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ კომერციული მომხმარებლებისთვის ფასების შემცირება

  • მაღალი ძაბვა (110-35 კვ ძაბვა) - ტარიფის შემცირება 10.61%-ით
  • საშუალო ძაბვა (10-6-3.3 კვ ძაბვა) - ტარიფის შემცირება 9.71%-ით
  • დაბალი ძაბვა (0.4 კვ ძაბვა) - ტარიფის შემცირება 9.39%-ით