სიმძლავრის აუქციონში მზის ელექტროსადგურების მედიანური ტარიფი არ გაიზრდება - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ Helios Energy-ს დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია საუბრობს.

„იქიდან გამომდინარე, რომ მზის ელექტროსადგურის ძირითად კომპონენტებზე - პანელებზე ბოლო პერიოდში ფასები შემცირდა, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ იმაზე მეტი ტარიფი იქნება შეთავაზებული, რაც ბოლო აუქციონის ფარგლებში იყო“ - განმარტავს თორნიკე დარჯანია.

რაც შეეხება ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით მზის ელექტროსადგურებს, ამ შემთხვევაში უფრო მაღალი ტარიფებია მოსალოდნელი.

„ასეთი პროექტები უფრო ძვირი ჯდება, თუმცა, ესეც სიახლეა ჩვენი სისტემისთვის, რადგან, აქამდე, მსგავსი პირობებით გამოცხადებული აუქციონი არ ყოფილა. შესაბამისად, ეს არის ტექნოლოგიური სიახლე, რომელსაც მივესალმებით. ვრწმუნდებით იმაში, რომ საჭიროა სარეზერვო სიმძლავრეები, რისი მიღწევაც მაგალითად, ჰესების შემთხვევაში კაშხლით შეიძლება, მზის ელექტროსადგურის შემთხვევაში კი - შემნახველებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

ჩვენ ორივე მიმართულებით ვმუშაობთ და ორივე მიმართულება არის ძალიან საინტერესო. ვიცით, რომ ქართულ ბაზარზე მზის დიდი ელექტროსადგური ისედაც არ არის აშენებული და შემნახველებიც საქართველოს ბაზრისთვის სიახლეა. ასეთი სადგური საქართველოში არ აშენებულა. ამიტომ, ეს არის სიახლე ჩვენთვის და უფრო ამ მიმართულებით ვმუშაობთ, იმიტომ, რომ ეს ტექნოლოგიურად საინტერესოა და ამასთან, სახელმწიფო მზად არის რომ გადაიხადოს მეტი ტარიფი ამ ტექნოლოგიაში. იმიტომ, რომ ეს უზრუნველყოფს სარეზერვო სიმძლავრეებს მაშინ, როცა ეს საჭიროა“ - აღნიშნავს  თორნიკე დარჯანია „ბიზნესპარტნიორთან“.