USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა კერძო სექტორთან ერთად ენერგეტიკული საპილოტე პროექტების განსახორციელებლად მეორე კონკურსს აცხადებს.

პროგრამის მიზანია 9 ენერგეტიკული საპილოტე პროექტის იდენტიფიცირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა.

საპილოტე პროექტი შეიძლება მოიაზრებდეს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: ენერგოეფექტურობა, მოთხოვნის მართვა, ენერგიის მართვის სისტემები და დივერსიფიცირებული, მდგრადი, განახლებადი ენერგიის წყაროები. ასევე შესაძლოა, მოიცავდეს მიკროპროექტებს, ქარის, მზის და ჰიდროენერგეტიკულ ტექნოლოგიებს.

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია ტექნიკური საკონსულტაციო ან/და მატერიალური მხარდაჭერა შერჩეული პროექტებისთვის.

„პროგრამა აღიარებს კერძო სექტორის მნიშვნელობას სუფთა ენერგიის პრიორიტეტებისა და საჭიროებების ხელშეწყობის კუთხით. მჭიდრო პარტნიორობის მეშვეობით, პროგრამას და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეიმუშაონ უფრო ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტები ენერგეტიკულ გამოწვევებთან გასამკლავებლად“ - იტყობინება USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 7 დეკემბერი. კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.