აზერბაიჯანში 230 მეგავატი სიმძლავრის გარადაღის მზის ელექტროსადგური გაიხსნა.

Garadag Solar ელექტროსადგური კასპიის რეგიონში და დსთ-ში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგურია. პროექტში 262 მილიონი აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის პირველი ინდუსტრიული მასშტაბის მზის ელექტროსადგური, რომელიც ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვით აშენდა. 550 ჰექტარ ფართობზე 570 000 მზის პანელი დამონტაჟდა. ამ სადგურის ქსელთან დასაკავშირებლად კი, 330 კილოვოლტიანი ქვესადგური აშენდა.

ინვესტორი არაბეთის გაერთიანებული საამიროების კომპანია Masdar-ია. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს, OJSC AzerEnergy-სა და არაბულ Masdar-ს შორის ხელშეკრულება ინვესტიციების, ენერგიის ყიდვა-გაყიდვისა და გადამცემ ქსელთან მიერთების შესახებ 2021 წლის 6 აპრილს გაფორმდა.

მზის ელექტროსადგური ყოველწლიურად 500 მილიონ კილოვატ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რის შედეგადაც, 110 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი დაიზოგება და ნახშირბადის გამონაბოლქვი 200 000 ტონით შემცირდება.

გახსნის ცერემონიაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მონაწილეობდა.