ტყეები, რომლებსაც ხშირად ჩვენი პლანეტის ფილტვებსაც უწოდებენ, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკოლოგიური ბალანსის, ბიომრავალფეროვნებისა და კლიმატის რეგულირებაში. თუმცა, ისინი განიცდიან მზარდ ზეწოლას ადამიანის საქმიანობის გამო, მათ შორისაა ტყეების ჩეხვა, რომელიც გამოწვეულია ისეთი რესურსებზე გაზრდილი მოთხოვნით, როგორიცაა ხე-ტყე და სასოფლო-სამეურნეო სავარგული. ტყეებზე ზეწოლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი  ენერგიის სწრაფად მზარდი მოთხოვნილება, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ტრადიციული და არაეფექტური ენერგიის წყაროები ხელს უწყობს გარემოს დეგრადაციას. წინამდებარე სტატია მიმოიხილავს, თუ როგორ შეიძლება ენერგოეფექტურობამ და ენერგიის ალტერნატიულმა წყაროებმა შეამსუბუქონ ზეწოლა ტყეებზე, შეარბილონ არამდგრადი ენერგეტიკული პრაქტიკის უარყოფითი შედეგები და ხელი შუწყონ მდგრად ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, განსაკუთრებით - მოწყვლად და პერიფერიულ რეგიონებში.

ტყე

მსოფლიოში ტყის ფართობი 4.1 მილიარდ ჰექტარს შეადგენს, ანუ ხმელეთის დაახლოებით ნახევარს. მერქნის მსოფლიო მარაგი 360 მილიარდ კუბ. მ.-ს აღწევს, ხოლო წლიური მატება 3 200 მილიონ კუბ. მ.-ს. ტყე ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზეა გავრცელებული. წარსულში დედამიწაზე ტყეები გავრცელებული იყო უფრო დიდ ფართობზე, რომელთა ნაწილი შემდგომში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებმა, მზარდმა ქალაქებმა და სამრეწველო კომპლექსებმა დაიკავეს. FAO-ის მონაცემებით 1963 წელს ტყეებს დედამიწაზე 4229,2 მილიონი ჰექტარი ეკავათ, თუმცა 1990 წლის მონაცემით 788,2 მილიონით შემცირდა და ყოველწლიურად 11 მილიონი ჰექტარით მცირდება.

ტყე დედამიწის ეკოლოგიურ სისტემათა მთლიანი კომპლექსისთვის გლობალური და სასიცოცხლო ფაქტორია. იგი ცოცხალი ნივთიერების ერთ-ერთი პლანეტური აკუმულატორია, რომელიც ბიოსფეროში მთელ რიგ ქიმიურ ელემენტებსა და წყალს აკავებს, აქტიურად ურთიერთქმედებს ტროპოსფეროსთან და განსაზღვრავს ჟანგბადისა და ნახშირბადის ბალანსის დონეს. ბიოსფეროში ჟანგბადის 60%-ზე მეტს ხმელეთის მცენარეულობა და მისი მთავარი კომპონენტი – ტყე – გამოყოფს. ერთი ჰექტარი შერეული ტყე წელიწადში ატმოსფეროდან შთანთქავს 13-17 ტონა ნახშირორჟანგს და გამოყოფს 10-15 ტონა ჟანგბადს.

ტყეს მრავალი ფუნქცია აქვს: ტყე მზის ენერგიის მძლავრი აკუმულატორია. ის არსებით გავლენას ახდენს კლიმატის ფორმირებაზე, ბუნებაში წყლის წრებრუნვაზე, ატმოსფეროში აირგაცვლაზე და ამგვარად, ქმნის ადამიანისათვის საჭირო პირობებს. ამ წრებრუნვის საწყისს წარმოადგენს ფოტოსინთეზის პროცესი, რომლის დროსაც გამოიყოფა ჟანგბადი. თუ 30-50-იან წლებში პლანეტის ჟანგბადის ბალანსის შევსებაზე ტყეზე მოდიოდა მხოლოდ 30%, ახლა ტყე გამოყოფს ბიოლოგიურად აქტიური ჟანგბადის 60%-ს, დანარჩენს კი ზღვებისა და ოკეანეების პლანქტონი და მინდვრებისა და ბაღების კულტურული მცენარეულობა იძლევა. ტყის ჟანგბადი ხარისხობრივად განსხვავდება ზღვებისა და ოკეანეების ჟანგბადისაგან იმით, რომ გაჯერებულია უარყოფითი იონებით. ეს მნიშვნელოვნად ადიდებს ტყის ბიოლოგიურ თვისებებს, რადგან დამტკიცებულია უარყოფითი იონიზაციის კეთილმყოფელი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. ტყის ჟანგბადის იონიზაცია 2-3-ჯერ უფრო მეტია ზღვის და 5-10-ჯერ ქალაქის ატმოსფეროს ჟანგბადის იონიზაციაზე.

ტყე ასუფთავებს ჰაერს მტვრისაგან. ერთი ჰექტარი ტყე წლის განმავლობაში 50-70 ტონა მტვერს ფილტრავს, შესაბამისად საქართველოს ტყეები მთლიანად – 135-190 მლნ. ტონამდე ჰაერს ასუფთავებს. ტყე არეგულირებს თოვლის დნობის ინტენსივობას, მნიშვნელოვნად ამცირებს ჰაერის მოძრაობის სისწრაფეს, იცავს სასარგებლო ფაუნასა და მიკროორგანიზმებს. ტყის მრავალი მცენარე გამოყოფს ფოტონციდებს, რომლებიც თრგუნავენ დამაავადებელ ორგანიზმებს და ამით აჯანსაღებენ გარემოს. ტყე მძლავრი სანიტარულ-ჰიგიენური ფაქტორია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

მეტად მნიშვნელოვანია ტყის წყალდაცვითი ფუნქცია. ის ხელს უწყობს მდინარეებისა და წყლის სხვა რესურსების (ტბები, წყაროები და სხვა) წყლით ნორმალურ და თანაბარ მომარაგებას, აფერხებს წყალდიდობებს, უზრუნველყოფს წყლის ხარისხის ამაღლებას, იცავს მას გაჭუჭყიანებისაგან. არანაკლებ მნიშვნელოვანია ტყის როლი ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისა და წყლის და ქარისმიერი ეროზიისაგან დაცვის საქმეში. დაცვითი ტყის გაშენება მიეკუთვნება აქტიურ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია გვალვისა და ეროზიის მოვლენების წინააღმდეგ. ტყე იძლევა მრავალი სახის ძვირფას პროდუქტსა და ნედლეულს. ის არის მრავალფეროვანი ფაუნის ადგილსამყოფელი. დიდია ტყის რეკრეაციული და ტურისტული მნიშვნელობა.

ტყე ერთ-ერთი ბიოლოგიური რესურსია, რომელსაც ახასიათებს აღდგენის უნარი. იგი ასრულებს პლანეტურ ბიოგეოქიმიურ ფუნქციას, მონაწილეობს მრავალფეროვანი ლანდშაფტის შექმნაში, აქვს ძალზე დიდი წყალშემნახავი, ნიადაგდაცვითი, კლიმატმარეგულირებელი და სანიტარულ-ჰიგიენური მნიშვნელობა. ამიტომ ტყის დაცვასა და მის რაციონალურად გამოყენებას უდიდესი ეკონომიკური და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ტყე მრავალრიცხოვანი რესურსის (მერქანი, ქერქი, ტოტები, ფოთოლი, ნაყოფი, თესლი, სოკო და სხვა) უმდიდრესი წყაროა.

 

საქართველოს ტყე

საქართველოს ტყე არის ქვეყნისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივი რესურსი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 40%-ს მოიცავს. მას უდიდესი ეროვნული, რეგიონალური და გლობალური მნიშვნელობა აქვს. ტყე არა მხოლოდ უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას განაპირობებს, არამედ უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პირდაპირი თუ არაპირდაპირი სარგებლისა და რესურსების უწყვეტ მიწოდებასაც, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ეკონომიკის სხვადასხვა დარგის ფუნქციონირებას, ადამიანების კეთილდღეობას, სიღარიბის აღმოფხვრას და ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.

საქართველოს  ტყის  95−98%  ბუნებრივი  წარმოშობისაა.  მისი  შემადგენლობა, აღნაგობა, ზრდა-განვითარება და სხვა მახასიათებლები განაპირობებს მდიდარ ბიომრავალფეროვნებას − საქართველოს ტყეში 400-მდე სახეობის ხე და ბუჩქი იზრდება. დენდროფლორის დიდი მრავალფეროვნების მაჩვენებელია ენდემური მერქნიანი მცენარეების სიმრავლე. მათ შორის საქართველოს ენდემია 61 სახეობა, ხოლო კავკასიისა – 43. საქართველოს ტყე ფაუნის მრავალი სახეობის საბინადრო ადგილი და სამიგრაციო დერეფანია და მათ გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნებაში ეხმარება. საქართველო დედამიწის ბიოლოგიური 

თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ რეგიონში მდებარეობს.  ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ განსაზღვრული 35 „პრიორიტეტული ადგილიდან“ ერთერთი კავკასიის რეგიონია. გარდა ამისა, ორგანიზაცია „საერთაშორისო კონსერვაციის“ მიერ განსაზღვრული 34 „ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილიდან“ (ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული და  იმავდროულად სერიოზული საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან) საქართველო შედის 2 „ბიომრავალფეროვნების ცხელ  წერტილში“ − კავკასიისა და ირან-ანატოლიის შემადგენლობაშისაქართველოს მთებში შემორჩენილი ტყის მასივები დედამიწის ზომიერ სარტყელში უკანასკნელი ხელუხლებელი ტყეებია, რაც მათ გლობალურ მნიშვნელობას განაპირობებს.

 

ზეწოლა ტყეებზე

როგორც შესავალში აღვნიშნეთ, საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში ტყეები უდიდეს ზეწოლას განიცდიან ადამიანთა საქმიანობის გამო, მათ შორისაა:

  • ხის მერქნის არამდგრადი მოპოვება ენერგო-მოხმარების მიზნით:
  • ხის მერქნის არამდგრადი მოპოვება სამშნებლო მიზნებით;
  • ტყის გაჩეხვა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოპოვების მიზნით;
  • ტყის არამერქნული რესურსების არამდგრადი მოპოვება;
  • ტყის ხანძრები;
  • კლიმატის ცვლილება და გარემოს დეგრადირება.

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საფრთხეები

მოსალოდნელია, რომ სწრაფი და ეფექტური სახელმწიფო ღონისძიებების გატარების გარეშე, არსებული კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება. ტყეების დეგრადაცია გამოიწვევს მომეტებულ მეწყრებს, წყალმოვარდნებს, ეროზიას და ა.შ. ეს არის პირდაპირი ეკონომიკური ზიანი რომელსაც დათვლა ესაჭიროება. მოხდება სოფლის მოსახლეობის მიგრაცია ქალაქებისკენ და საბოლოოდ რეგიონების მოსახლეობისგან დაცლა და სასოფლო სამეურნეო სავარგულებს მოწყვეტა, რაც ამ მოსახლეობას და საბოლოოდ ქვეყანას ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის გაიზრდება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი მისი მოწყვლადი ნაწილის, სათბობი რესურსის გარეშე დარჩენის რისკი. რეგიონებში წარმოიშვება ენერგეტიკული სიღარიბე, რომელიც მნიშვნელოვნად შეაფერხებს რეგიონების განვითარებას. პრობლემების შემდგომი გამწვავება მოსალოდნელია ძირითადად არაგაზიფიცირებულ რაიონებში, თუმცა გაზით უზრუნველყოფილი რეგიონებიც ასევე არ არის თავისუფალი ამ პრობლემებისგან.

კავშირი ენერგიის მოთხოვნილებასა და ტყეების განადგურებას შორის

ტრადიციულად, საქართველოს, განსაკუთრებით კი რეგიონების მოსახლეობა, ისევე როგორც ბევრი საზოგადოება მსოფლიოში, იყენებს შეშას საკვების მოსამზადებლად და გასათბობად. ამასთან, რაც უფრო იზრდება მოსახლეობა და ენერგიაზე მოთხოვნილება, მით უფრო ძლიერდება ტყეებზე ზეწოლა. უფრო მდგრადი და ეფექტური ენერგიის წყაროებზე გადასვლითა და ენერგოფექტურობის პრაქტიკის დანერგვით ჩვენ შეგვიძლია გავწყვიტოთ ეს კავშირი ენერგიის მოთხოვნილებასა და ტყეების განადგურებას შორის.

 

ენერგიის ალტერნატიული წყაროები ზეწოლის შესამცირებლად

ენერგიის ალტერნატიული წყაროების მიღება, როგორიცაა მზის, ქარის, ჰიდროელექტრო და გეოთერმული ენერგია, გადამწყვეტ როლს თამაშობს შეშასა და სხვა ტრადიციულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებაში. ეს წყაროები უზრუნველყოფს უფრო სუფთა და მდგრადი ენერგიით უზრუნველყოფის შესაძლებლობას, რაც ამცირებს ხეების მოჭრის პრაქტიკის საჭიროებას. განახლებადი ენერგიების ინფრასტრუქტურებში ინვესტირება შექმნის დადებით ეფექტს, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს ტყეების განადგურებას.

 

ტყის არამერქნული რესურსი - ალტენატიული ბიოსაწვავი ტყის გადასარჩენად!

როდესაც ვსაუბრობთ შეშის ჩანაცვლებაზე ალტენატიული სათბობით, განსაკუთრებით კი მოწყვლად რეგიონებში - შეშის ალტერნატივად, უპირველეს ყოვლისა, განიხილება ნარჩენი ბიომასა, როგორც სატყეო მეურნეობის და ხე-ტყის გადამუშავების, ასევე სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების შედეგად წარმოქმნილი.

აღნიშნულმა შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ენერგომომარაგების ამოცანის გადაწყვეტის საქმეში, გარდა ამისა, ხელი შეუწყოს ტყის დაცვისა და შენარჩუნების ისეთი ღონისძიებების ეფექტურად გატარებას, როგორებიცაა - ტყეში უკანონო და კანონიერი ჭრის შედეგად დაგროვილი ნარჩენების მოშორება, ტყის სანიტარული ღონისძიებების შედეგად მისაღები ბიომასის სასარგებლოდ გამოყენება და სხვა. რაც, თავის მხრივ, ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია ტყის ხანძრებთან ბრძოლის საქმეში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აღნიშნული ბიომასა შეიძლება გამოყენებულ იქნას თანამედროვე მყარი ბიო-საწვავის პელეტების, ბრიკეტების ან ნაფოტების მისაღებად, რაც ნაწლობრივ შეამცირებს მოთხოვნას შეშაზე.

პალეტები და ბრეკეტები

აღსანიშნავია, ისიც რომ ბიომასა, ტრადიციული საშეშე მერქნისგან განსხვავებით, მაღალი კალორიულობით და ენერგიის შემცველობით გამოირჩევა, რაც საგრძნობლად ამცირებს დანახარჯებს გათბობასა და საკვების მომზადებაზე. ამასთანავე, მყარი ბიომასის საწვავის გამოყენება ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების შენარჩუნებას და ამცირებს ნახშირორჟანგის გამოყოფას.

ენერგოეფექტურობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ტყეზე ზეწოლის შემცირებაში

კიდევ ერთი ფუნდამენტური ნაბიჯი ფუნდამენტური ნაბიჯი ენერგიის ისეთ წყაროებზე დამოკიდებულების შესამცირებლად, რომლებიც განაპირობებენ ტყეების განადგურებას, არის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება. თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პრაქტიკას, როგორიცაა ენერგოეფექტური მოწყობილობები, შენობების დიზაინი და სამრეწველო პროცესები, შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეამცირონ ენერგიის საერთო მოხმარება. შედეგად, მცირდება ტყეებზე ზეწოლა საწვავისთვის.

შეშაზე მოთხოვნილების შემცირება წვის ეფექტურობის გაზრდითაცაა შესაძლებელი, რისთვისაც საჭიროა ენერგოეფექტური ღუმელების მოხმარების პრაქტიკის დანერგვა, რომელიც მინიმუმ 40-50%-ით შეამცირებს მოთხოვნას შეშაზე თითოეულ ოჯახში. აღნიშნული ღონისძიების გატარება შეიძლება მოხდეს ეტეპობრივად. სასურველია განვითარდეს ადგილობრივი წარმოება, შენობების დათბუნების პრაქტიკა და სითბოს დაზოგვის მარტივი ღონისძიებების გატარება.

გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიომასის ბრიკეტი ენერგიის შემცველობის მაღალი მაჩვენებლით და სითბოს სწრაფად გენერირების თვისებით გამოირჩევა. თუმცა, იმისათვის, რომ ბიომასამ შეინარჩუნოს გამომუშავებული სითბო, მისი გამოყენება რეკომენდებულია სპეციალურ ღუმელში, რომელსაც სიმხურვალის შენახვა წვის პროცესშიც შეუძლია. ასეთ ღუმლებს, ენერგოეფექტური ღუმლები ეწოდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

გამოწვევები

გამოწვევები, რომლებსაც ვაწყდებით მყარი ტყის ბიომასის საწვავდ გამოყენებისა  და ენერგოეფექური ღუმლების მოხმარების დანერგვაში, შემდეგია:

  • დაურეგულირებელი ექსპლოატაცია,
  • არსებული პოტენციალის წლიური ლიმიტის შესახებ კვლევებისა და ტყის არამერქნული პროდუქტების მოპოვების ნებართვების და ლიცენზირებული კომპანიების ნაკლებობა;
  • გადამამუშავებელი ინდუსტრიისა და ექსპორტიორი კომპანიების ნაკლებობა;
  • სოფლად მცხოვრებ თემებში, შემოსავლის გენერირების მიზნით ტყის არამერქნული პროდუქციის შეგროვების მდგრადობასთან დაკავშირებით არსებული საზოგადოებრივი ცნობიერების დაბალი დონე;
  • რეგისტრირებული ოპერატორებისა და შემგროვებლების ნაკლებობა;
  • რესურსის მდგრადი მართვის შესახებ ცოდნის ნაკლებობა;
  • ნედლეულის შეგროვების, გაშრობის, გადამუშავების, დაფასოების და რეკლამირების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა.

პოლიტიკა და ცნობიერების ამაღლება

რელევანტური პოლიტიკს გატარება და ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება, ასევე, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, რადგან საქართველოში ტყის პროდუქტების შესახებ ცნობიერების დაბალი დონე ავტომატურად აფერხებს აღნიშნული ტიპის პროდუქციის რეალიზებას ქართულ ბაზარზე და ნაკლებშემოსავლიანს ხდის გადამამუშავებელ საწარმოებს. ეს კი, თავის მხრივ, სექტორში მომუშავე შემგროვებლებსა და ღუმლების მწარმოებელ კომპანიებზეც უარყოფითად აისახება.

მთავრობის პოლიტიკა და საერთაშორისო თანამშრომლობა გადამწყვეტ როლს თამაშობს ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიის მიღების ხელშეწყობაში.

საქართველოში სატყეო სექტორის პროდუქტიულობისა და მდგრადობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული პროგრესული კანონების, პოლიტიკისა და სტრატეგიული დოკუმენტების რაოდენობა საკმაოდ მოცულობითია. ტყის ახალი კოდექსი საქართველოში 2020 წლის მაისში გამოიცა და ტყის არამერქნული პროდუქტებით კომერციული სარგებლობის ახალ ჩარჩოს გვთავაზობს. ამის მიუხედავად, ტყის არამერქნული პროდუქტებით სარგებლობის მიმართულებით არსებული იურიდიული ბაზისისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების სისტემატიზაციისთვის საჭირო ადეკვატური მექანიზმები ჯერაც შეზღუდულია.

რელევანტურ პოლიტიკასთან ერთად, მნიშვნელოვანია ასევე მოსახლეობის, განასაკუთრებით კი მისი მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების ამაღლება ისეთ საკითხებზე (და არა მხოლოდ) როგორებიცაა:

  • შეშის დროული დამზადება და სველის ნაცვლად მშრალი შეშის გამოყენება;
  • სოციალური ჭრის შესახებ ინფორმირება;
  • არმერქნული ტყის რესურსების მდგრადი მოგროვების შესახებ გათვითცნობიერება;
  • ენერგოეფექტური ღუმლების სარგებლის შესახებ ინფორმირება;
  • ბრეკეტებისა და პელეტების სარგებლის შესახებ ინფორმირება;
  • ტრადიციული შეშის ღუმლების მავნე ზეგავლენა ადამიანების ჯანმრთელობაზე და სხვ.

ენერგოეფექტური ღუმლები და თანადაფინანსების პროგრამა

„მწვანე კლიმატის ფონდის“ პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიების შესამცირებლად“ ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მასში შემავალი უწყებების, ასევე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლობით.

სოფლის განვითარების სააგენტო

პროექტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ხელმისაწვდომი გახდა ენერგოეფექტური ღუმელებისა  და ენერგოეფექტური ღუმელებისათვის განკუთვნილი ალტერნატიული საწვავის მწარმოებელი საწარმოებისათვის შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობა, რათა მათ განახორციელონ ინვესტიცია და გაზარდონ საკუთარი პროდუქციის წარმოება, როგორც რაოდენობის, ისე ხარისხის მხრივ.

რეგიონები და მდგრადი განვითარება

მსგავსი პროექტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პერიფერიული და მოწყვლადი რეგიონებისთვის, რადგან ასეთ ადგილებში თანამედროვე ენერგეტიკულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა არის მამოძრავებელი ძალა ტრადიციულ, არამდგრად წყაროებზე დამოკიდებულების. ენერგოეფექტური ღუმლების თანდაფინანსების პროგრამების მსგავსმა პროგრამებმა შესაძლოა შეამციროს სიღარიბე და მოთხოვნა შეშაზე დაფუძნებულ საწვავზე. როდესაც თემები იღებენ წვდომას სუფთა და ხელმისაწვდომ ენერგიაზე, ადგილობრივ ტყეებზე ზეწოლა მცირდება, რაც ხელს უწყობს როგორც გარემოს დაცვას, ასევე მდგრად განვითარებას.

დასკვნა

ენერგიის მოხმარებასა და ტყეების გაჩეხვას შორის მჭიდრო კავშირი მოითხოვს ყოვლისმომცველ მიდგომას გარემოსდაცვითი გამოწვევების გადასაჭრელად. ენერგოეფექტურობაზე პრიორიტეტების მინიჭებითა და ისეთი ენერგიის ალტერნატიული წყაროების ჩართვით, როგორიცაა არამექნული ნარჩენის საწვავად გამოყენება, ჩვენ შევძლებთ ბოლო მოვუღოთ მავნე პრაქტიკას, რომელიც ხელს უწყობს ტყეების განადგურებას. აღნიშნული ცვლილება არა მხოლოდ სარგებელს მოუტანს გარემოს, არამედ, დაიცავს მოსახლეობის ჯანმრთელობას და ხელს შეუწყობს მდგრად განვითარებას.

ნინო სამადაშვილი

 

გამოყენებული წყაროები: