ფოთში მზის პანელების სასაწყობე მეურნეობა შეიქმნება. პროექტზე კომპანია Green Energy და მზის პანელების მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი ჩინური კომპანია Yingli Solar მუშაობენ.

როგორც „ენერგონიუსს“ Green Energy-ის დამფუძნებელმა დავით შვანგირაძემ განუცხადა, საკითხზე მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია. ჩინური მხარე საქართველოს ბაზრით და ევროპაში მიწოდებითაა დაინტერესებული.

აქტიურად ვმუშაობთ, რომ Yingli Solar-ის ევროპის  ერთ-ერთი ოფისი გავხსნათ საქართველოში და აშენდეს სასაწყობე მეურნეობა, საიდანაც ევროპის ბაზარი მომარაგდება. ჩინური მხარეც აცნობიერებს, რომ საქართველო და ჩვენი სატრანსპორტო დერეფანი საკმაოდ მიმზიდველია ევროპაში გასასვლელად. მოლაპარაკება დასრულებულია და უახლოეს მომავალში ვფიქრობ, ფოთში ჩვენ უკვე ვიხილავთ Yingli Solar-ის დიდ საწყობს მზის, რომელიც მზის პანელებით საქართველოს და ევროპის ბაზარს მოამარაგებს“ - აცხადებს დავით შვანგირაძე.

მისივე თქმით, საუბარია დაახლოებით 50 მგვტ-ის მზის პანელების სასაწყობე მეურნეობაზე და ტექნიკური გუნდის მომზადებაზე.

„გვინდა, რომ ადგილზე მივაწოდოთ სერვისი, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია მხოლოდ მზის პანელების დასაწყობება. ჩინური მხარე ძალიან აქტიურობს. ინტერესი გამოხატეს. მოეწონათ ჩვენი რეგიონი და საკმაოდ აქტიურად მიდის ეს პროცესი“ - ამბობს დავით შვანგირაძე.