კვლევის დასრულების შემდეგ გვექნება ზუსტი სურათი, რამდენი ავტობუსი იქნება საჭირო და რა წარმადობის ელექტროლაიზერი იქნება საჭირო ბათუმისთვის - ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორი აცხადებს.
გიორგი ჩიქოვანმა ბათუმში მწვანე წყალბადის საწარმოს განთავსების საკითხზე შეხვედრა გამართა.
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ბათუმის მერიასთან და გერმანიის განვითარების ბანკთან ერთად ახორციელებს წყალბადის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს მზის სადგურისა და ელექტროლაიზერის მშენებლობას, წყალბადის წარმოებას და ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის, ავტობუსების აღჭურვას.
განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა ტერიტორიის შერჩევა, სადაც განთავსდება ელექტროლაიზერი, რომელიც აწარმოებს წყალბადს და ასევე, ავტობუსების სადგური, სადაც ეს ავტობუსები დაიტენება.
ყველაზე ოპტიმალური ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაა, სადაც უკვე აშენებულია რამდენიმე საწყობი, საწარმოები. კვლევის დასრულების შემდეგ გვექნება ზუსტი სურათი, რამდენი ავტობუსი იქნება საჭირო და რა ზომისა და წარმადობის ელექტროლაიზერი იქნება საჭირო ბათუმისთვის“ - ამბობს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი.