მწვანე ელექტროენერგიის წარმოებისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს 16 მილიონი ევროს სუვერენულ სესხს გამოუყოფს.
სესხი დედაქალაქის მყარი ნარჩენების მართვისა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას მოხმარდება და გულისხმობს მყარი ნარჩენების შედეგად წარმოქმნილი აირი ელექტროენერგიად გარდაქმნას. „აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის პარტნიორობა“ (E5P) კი დონორთა გრანტებითა და შვედეთის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდებით, საქართველოს დამატებით, გრანტის სახით 4 მლნ ევროს გამოუყოფს.
ორგანიზაციის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ამ დაფინანსების წყალობით, ქალაქ თბილისს შეეძლება განაახლოს დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე არსებული უჯრედები და დაამონტაჟოს ნაგავსაყრელის უტილიზაციის სისტემა.
მოსალოდნელია, რომ ნაგავსაყრელის გაზიდან განახლებადი ენერგიის წარმოება წელიწადში 30 000 მგვტ/სთ-ს მიაღწევს.
სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს ხელი ერევანში, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში მოეწერა.
“თბილისის ნაგავსაყრელის გაზის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია EBRD-სთვის. ჩვენი გუნდი მასზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. ეს არის პროექტი, რომელიც გააუმჯობესებს თბილისის მოსახლეობის ცხოვრებას. ეს საჯარო სექტორის პროექტია და მისი დაფინანსებით ჩვენ ძალიან ვამაყობთ” – აღნიშნა EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა ალკის დრაკინოსმა.
EBRD-ის მიერ გამოყოფილი სესხი ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი მწვანე ქალაქების პროგრამის სასარგებლოდ წარიმართება. სესხი საშუალებას მისცემს საქართველოს დედაქალაქს მყარი ნარჩენების მართვისა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია განახორციელოს და მყარი ნარჩენებით წარმოებული გაზი ელექტროენერგიად გარდაქმნას.
დღეისთვის, EBRD-ს 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს განახორციელებული საქართველოს ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორში, 293 პროექტში. ინვესტიციების 82% კერძო სექტორისკენაა მიმართული.