განახლებადი ენერგიის კომპანია Orsted-მა აშშ-ს ქარის ორი ოფშორული პროექტის განვითარება შეაჩერა. კომპანია აცხადებს, რომ პროექტებთან დაკავშირებული ზარალი 5 მილიარდ დოლარზე მეტია, რადგან ინდუსტრია მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებს და გაზრდილ ხარჯებს ებრძვის.

ოფშორული ქარის მსოფლიოს უდიდესმა დეველოპერმა Orsted-მა განაცხადა, რომ შეწყვეტს 2248 მეგავატი სიმძლავრის Ocean Wind 1 და 2 პროექტების განვითარებას ნიუ ჯერსიში. შესაბამისმა ზარალმა შეიძლება, 39,4 მილიარდი დანიური კრონი (5,58 მილიარდი დოლარი) შეადგინოს.

კომპანიის აქციები 22%-ით, ექვსწლიან მინიმუმზე - 265 კრონამდე დაეცა.

ოფშორული ქარის ინდუსტრია მზარდი ინფლაციის, საპროცენტო განაკვეთების ზრდისა და მიწოდების ჯაჭვის შეფერხების ქარიშხალში აღმოჩნდა, რაც ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და რამდენიმე სახელმწიფოს გეგმებს - გამოიყენონ ოფშორული ქარი ენერგიის წარმოებაში წიაღისეული საწვავის ჩასანაცვლებლად და კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ იგი მზადაა მხარი დაუჭიროს აშშ-ის ოფშორული ქარის ინდუსტრიას, მიუხედავად ბოლო გამოწვევებისა. ადმინისტრაცია მილიარდობით დოლარის სტიმულზე საუბრობს, რომელსაც თეთრი სახლის მიერ გასულ წელს ხელმოწერილი „ინფლაციის შემცირების აქტი“ ითვალისწინებს.

Orsted აგვისტოში იტყობინებოდა, რომ შესაძლოა, აშშ-ში 16 მილიარდი კრონის ზარალი ენახა მიწოდების ჯაჭვის პრობლემების, სესხის აღების ხარჯების და ახალი საგადასახადო კრედიტების ნაკლებობის გამო.

1 ნოემბერს დანიურმა კომპანიამ ეს რიცხვი 28,4 მილიარდ კრონამდე გაზარდა და განაცხადა, რომ გადასახდელები, რომლებიც ორი პროექტის გაუქმებას უკავშირდება, მეოთხე კვარტალში 8 მილიარდიდან 11 მილიარდამდე იქნება.

ამასთან, კომპანიის განცხადებით, მან საწყის ეტაპზე Ocean Wind 1-ში, ყველაზე მოწინავე პროექტში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა.

ქარის დეველოპერები აცხადებენ, რომ აუქციონებზე შეთავაზებული ელექტროენერგიის ფასი ძალიან დაბალია ახალი პროექტები წამოსაწყებად, ინდუსტრიის პრობლემებისა და მზარდი ხარჯების გათვალისწინებით.