საქართველოში ყველაზე დიდი 25 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობა იწყება. მისი საინვესტიციო ღირებულება 16 მლნ დოლარამდეა, ინვესტორი კი, სლოვაკური „ჯინო ჰოლდინგია“, რომელიც საქართველოში ძირითადად, ტურიზმისა და სასტუმროს სექტორშია წარმოდგენილი.

“25 მგვტ ნამდვილად ამბიციური პროექტია და მარტივი გასაკეთებელი არ არის, თუმცა, გვაქვს ამის გამოცდილება სლოვაკეთში. ასეთ პროექტებს სახელმწიფოსთვის და ქვეყნისთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც თუნდაც, ტურიზმის განვითარებას და შეიძლება, კიდევ უფრო მეტიც. რადგან, ამ შემთხვევაში, ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობის ფაქტორებს ვაძლიერებთ ქვეყანაში“ - აცხადებს „ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე „ბიზნესპარტნიორთან“.

25 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური გარდაბანში აშენდება. პროექტის განმახორციელებელი Green Energy-ია. ტექნოლოგიის მიმწოდებელი კი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი მზის პანელების მწარმოებელი კომპანია Yingli Solar.

„საქართველოს მზის ენერგიის ბაზარი ძალიან სწრაფად იზრდება. საინვესტიციოდ კი, მიმზიდველი გარემოა. ვიცით, რომ ამ ეტაპზე ქვეყანას დეფიციტური მოხმარება აქვს, მზის ენერგიასთან დაკავშირებული ტექნოლოგიები კი საკმაოდ გაიაფებულია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ უფრო მეტი ტექნოლოგიის შემოტანას და მზის ენერგიის პროექტებში დახმარებას. ჩვენი შემოგვაქვს მზის პანელები, რომელიც სილიკონზე დაფუძნებული ტექნოლოგიაა. წარმოებაში ვიყენებთ მოწინავე ტექნოლოგიებს და გვსურს განვამტკიცოთ თანამშრომლობა საქართველოში, ადგილობრივ პარტნიორებთან“ - აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“- Yingli Solar-ის გენერალური მენეჯერი ალენ გენგი.