მიმდინარე წელს 150 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურები აშენდება.  როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, არ არის გამორიცხული, რომ ეს მონაცემები ზრდის მიმართულებით დაკორექტირდეს.

„გამომდინარე იქიდან, რომ მზის ელექტროსადგურის მშენებლობა შედარებით მარტივად ხდება, არ გამოვრიცხავ რომ ეს რიცხვი შეიცვალოს.  ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არაერთი მზის სადგური იმყოფება მშენებლობის ან მოსამზადებელ ფაზაზე. საპროექტო ფაზაზე მეგავატის უზრუნველსაყოფად ბიზნესი ვალდებულია, რომ წარმოადგინოს საბანკო გარანტიის სახით  20 ათასი დოლარი და თუ ვერ შეასრულებს ვალდებულებას, გვაქვს უფლებამოსილება, რომ აღნიშნული  თანხა გამოვქვითოთ.  მოგეხსენებათ,  როდესაც ენერგეტიკული პროექტებზეა საუბარი, საკმაოდ დიდ მასშტაბებზეა გათვლა. შესაბამისად, როდესაც ბიზნესი  ამ თანხის მობილიზებაზე ფიქრობს, სხვა ყველა რესურსის მოძიებაც არის უკეთ გააზრებული და დაგეგმილი.“-აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.

მისივე თქმით, 2030 წლისთვის ქვეყანაში ადგილობრივი გენერაცია გაორმაგდება.

„მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ 2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ენერგოდამოუკიდებლები. სამწუხაროდ, ზამთრის თვეებში არ გვაქვს რესურსი ჩვენი ადგილობრივი მოხმარება დავაკმაყოფილოთ.იძულებული ვართ იმპორტი განვახორციელოთ,  მაგრამ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ქვეყანა, რომელიც დღეს არის იმპორტდამოკიდებული, გახდეს ენერგეტიკის ექსპორტზე ორიენტირებული. ვფიქრობ, 2030 წელია ის ნიშნული, როცა მინიმუმ უნდა გაორმაგდეს ქვეყანაში ადგილობრივი გენერაცია. ეს მნიშვნელოვანია, არამხოლოდ იმიტომ რომ ეკონომიკა იზრდება, არამედ იმიტომ რომ ბუნებრივად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება.“-აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.

მისივე განმარტებით, მარეგულირებელი სადგურები ქვეყნის ენერგეტიკული სივრცის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

„ჩვენ გვაქვს თითზე ჩამოსათვლელი მარეგულირებელი სადგურების განვითარების  შესაძლებლობა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მარეგულირებელი სადგურების პროექტირება და მშენებლობა განხორციელდეს, რა თქმა უნდა,  გარემოს დაცვის ვალდებულებების დაცვით. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი მარეგულირებელი სადგური აშენდეს. ჩვენ დიდი რესურსი გვაქვს, მაგრამ მოდინებაზე არსებული სადგურებისგან განსხვავებით, მარეგულირებელ სადგურს შეუძლია ენერგოსისტემაში სტაბილურობა უზრუნველყოს.“-აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.

bp.ge