„საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი გალდავამ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების პირველი კვირა შეაფასა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ჯამში 6 მონაწილეა რეგისტრირებული, რომელთა რაოდენობის ზრდაც უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი. მისივე თქმით, მონაწილეები ბირჟაზე ადაპტირებასა და სტრატეგიების გადახედვას უახლოეს მომავალში მოახერხებენ.
„ამ ეტაპზე ენერგეტიკული ბირჟაზე სულ 6 მონაწილეა რეგისტრირებული. ჩვენ ასევე გვაქვს კომუნიკაცია სხვადასხვა მონაწილესთან და მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
„ახლა ბირჟაზე რასაც ვაკვირდებით, არსებობს მზადყოფნა ელექტროენერგიის როგორც ყიდვაზე, ისე გაყიდვაზე. არის შესაბამისი განაცხადები განთავსებული, ხოლო შეთავაზებული რაოდენობები არც ისე მცირეა იმ მოდელიდან და მონაწილეების რაოდენობიდან გამომდინარე რაც ჩვენ ახლა გვაქვს. შეგახსენებთ, ჯერ გასულია ერთი კვირა ამოქმედებიდან და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო მოთელვითი პროცესი, ახალ შესაძლებლობებს ეცნობოდა ორივე მხარე, როგორც მყიდველი, ისე გამყიდველი. არ იყო მოსალოდნელი, რომ პირველივე დღიდან მონაწილეები დაიწყებდნენ სტრატეგიის შეცვლას, თუმცა შედარებით გრძელვადიანი პერიოდი შეიძლება იყოს საკმარისი გარკვეული დასკვნების გამოსატანად და შესაძლო ცვლილებებისათვის“. - აცხადებს ირაკლი გალდავა.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ბირჟაზე ამ დროისთვის რეგისტრირებულია: „სს თელასი“, „შპს ლილო მოლი“, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, „შპს ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯია“, „შპს რიცულაჰესი“, „შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“.