საქართველოში მოქმედი მსხვილი ნავთობიმპორტიორი კომპანიები გლობალურ სანავთობო ბირჟებზე მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ საქართველოში, ბოლო თვეებში, საწვავის იმპორტი შემცირებულია.
„ყველა მსხვილ იმპორტიორ კომპანიას აქვს მარაგები და ჯერჯერობით, თავს იკავებენ ნავთობპროდუქტების დიდი რაოდენობით იმპორტისგან, რაც აისახა კიდეც სტატისტიკურ მაჩვენებლებში“, - განმარტა ვახტანგ იობაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში დიზელისა და ბენზინის იმპორტი შემცირებულია. ბოლო თვის მონაცემებითაც, მაისში - საქართველოში 48 ათას ტონამდე ბენზინი იმპორტირდა, რაც თითქმის 10%-ით ჩამორჩება გასული წლის ამავე თვის მონაცემს. რაც შეეხება დიზელს, მაისში, 47 ათას ტონაზე მეტი დიზელი იმპორტირდა, თუმცა აქ კლება კიდევ უფრო თვალშისაცემია და 18%-ს უტოლდება.
კლება ფიქსირდება იანვარ-მაისის თვეების ჯამურ მონაცემშიც, რა დროსაც ქვეყანაში 525 ათასი ტონა ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც 37 ათასი ტონით, ანუ 6,6%-ით ჩამორჩება 2025 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებლებს.
მიუხედავად გლობალური არასტაბილურობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის კლებისა, ასოციაციაში ირწმუნებიან, რომ საქართველოს საწვავის დეფიციტი არ ემუქრება, თუმცა ფასების საკითხი მთლიანად დამოკიდებული იქნება ახლო აღმოსავლეთის ომის დასრულებაზე.
ცნობისთვის, დღეს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმების „საბოლოო პუნქტები“ დამტკიცებულია. როგორც მან აღნიშნა, ამაღამ ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი იერიში გაუქმებულია. ცხადია, ეს ყოველივე ბაზარზე ნავთობის გაიაფების მოლოდინს აჩენს.










