რამდენიმე წელია, რაც მიმდინარეობს საქართველოს ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზების პროცესი ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიმართებაში. აღნიშნულიგულისხმობს მათ შორის ე.წ. მე-4 ენერგეტიკული პაკეტის გადმოტანას ეროვნულ კანონმდებლობაში, რაც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს საცალო ბაზრის დერეგულაციას და დეცენტრალიზაციას, ენერგიის დაზოგვისა და ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წარმოების ხელშეწყობას, როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური სქემების გამოყენებით.
განახლებადი ენერგიის წარმოების ხელშეწყობის ინდივიდუალურ სქემას წარმოადგენს ე.წ. პროსიუმერის სქემა. ამ სქემითფიზიკური ან იურიდიული პირები ინდივიდუალურად აწარმოებენ და მოიხმარენ საკუთარ ენერგიას, თუმცა რჩებიან ქსელთან მიერთებული, რათა გასცენ ჭარბი ენერგია ქსელში და მიიღონ ქსელიდან ენერგია, როდესაც საკუთარი წარმოება საკმარისი არ არის. ისინი ასრულებენ გადამწყვეტ როლს დეცენტრალიზებულ ენერგეტიკულ ბაზარზე.
პროსიუმერები ძირითადად ორი ბიზნეს მოდელის მიხედვით ოპერირებენ. ესენია ნეტო-აღრიცხვა და ნეტო-დარიცხვა. ნეტო-დარიცხვა უფრო საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული სქემაა, რომელიც ითვალისწინებს ენერგიის გაქვითვას ფინანსურად (დროის კონკრეტულ მომენტში ელექტროენერგიის ფასის შესაბამისად, რომელიც შეესაბამება საცალო ბაზარზე ანგარიშსწორების პერიოდს), მაშინ როდესაც ნეტო-აღრიცხვა ითვალისწინებს ელექტროენერგიის გაქვითვას, როგორც ფიზიკური პროდუქტის (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჭარბად მიწოდებული და მოხმარებული კილოვატსაათების ურთიერთ გაქვითვას, რომელიც ძირითადად საცალო ბაზარზე ანგარიშსწორების პერიოდის შესაბამისია).
საცალო ბაზრის დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი განახლებადი ენერგიის მოხმარების წახალისების კონტექსტში ბოლო პერიოდში ინტერესი გაიზარდა და აქტუალური გახდა უფრო მომხმარებელთა ჯგუფური აქტივობები, რომლისერთ-ერთი მნიშვნელოვანი სქემაა ენერგეტიკული გაერთიანებები.
ენერგეტიკულ გაერთიანებებს ითვალისწინებს მე-4 ენერგეტიკული პაკეტი. ამასთან, ევროპის ქვეყნებში ენერგეტიკული გაერთიანებებისთვისპრაქტიკაში გამოყენებული სამართლებრივი ფორმებისა და ბიზნეს მოდელების გათვალისწინებით, ისინი საცალო ბაზარზე ოპერირებენ ძირითადად საცალო მომხმარებლების კოოპერატივების/ამხანაგობის ან/და ასოციაციების ფარგლებში. არსებობს რამდენიმე ბიზნეს მოდელი, რომელიც უფრო მეტად გავრცელებულია და შესაძლოა საინტერესო იყოს საქართველოს პირობებისთვის:
• ჯგუფური საკუთარი მოხმარება - ეს მოდელი გულისხმობს ადგილობრივ ან რეგიონში არესებული განახლებადი ენერგიის ერთობლივ წარმოებას, შენახვას და მოხმარებას. ეს მოდელი დანერგილია ან გარკვეულ ეტაპზე დანერგილი იყო ევროპის უმეტეს ქვეყანაში, მათ შორის გარკვეულწილად საქართველოში.მთავარი მოგების წყარო აღნიშნულ მოდელშიარის ენერგიის ხარჯების დაზოგვა, რადგან ჯგუფის წევრებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარებისხარჯები ადგილობრივად და ჯგუფურად წარმოებული განახლებადი ენერგიის გამოყენებით.• მწვანე ტარიფი და საკუთარი მოხმარება - ამ მოდელში ინდივიდუალური მომხმარებელიუზრუნველყოფს მზის პანელების სახურავზეგანთავსებისთვის სივრცეს და იღებს მის სახურავზე განახლებადი ენერგიის წყაროს მიერ წარმოებული ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ნაწილს ან იაფ ელექტროენერგიას. ამ მოდელმა წარმატებით შეუწყო ხელი განახლებადი ენერგიის წყაროების ინვესტიციებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში,მაგალითად პორტუგალიაში, სადაც რამდენიმე მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა დეცენტრალიზებულ განახლებადი ენერგიის (კონკრეტულად მზის პანელების) პროექტებში.• ჯგუფური/ერთობლივი ინვესტიცია - ეს მოდელი საშუალებას აძლევს ინდივიდუალურ მომხმარებლებს გაერთიანდნენ და ერთობლივად განახორციელონ ინვესტიციები განახლებადი ენერგიის პროექტებში. რესურსების გაერთიანებით, გაერთიანებებსშეუძლიათ დააფინანსონ უფრო დიდი პროექტები, რომელთა განხორციელებაც რთული იქნებოდა ინდივიდუალური ძალისხმევის პირობებში. მსგავსი მოდელით ევროკავშირის ტერიტორიაზე არაერთი ინვესტიცია და პროექტი განხორციელდა.მაგალითად, როგორიცაა კორპორატიული ინვესტიცია ქ. ზაგრებში, ხორვატიაში. აღნიშნული პროექტი განხორციელდა ენერგეტიკული კოოპერატივის მიერ, რომლის სახელია ZEZ ( (Zelena Energetska Zadruga). აღნიშნული ბიზნეს მოდელით, კერძო პირების მიერ კოოპერატივის ფარგლებული აღებული სესხით ერთ-ერთ საჯარო შენობის სახურავზე მოწეყო მზის ელექტროსადგური, რომელიც ფიქსირებული იჯარის ხელშეკრულებით გადაეცა ადგილობრივ თვითმმართველობას. ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების დანაზოგით ფინანსდება სასესხო ვალდებულება, რომელიც ენერგეტიკულ კოოპერატივს აკავშირებს კერძო პირებთან (10 წლიანი ვალდებულება, 3-4%-იანი საპროცენტო განაკვეთით). ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მზის ელექტროსადგური საკუთრებაში გადაეცემა ადგილობრივ თვითმმართველობას და გაგრძელდება ელექტროენერგიის მოხმარების დაზოგვა.• ქსელის სერვისების მიწოდება - ენერგეტიკულ თემებს შეუძლიათ შესთავაზონ ქსელს სხვადასხვა სერვისები, როგორიცაა დაბალანსების სერვისები, გადატვირთულობის მართვა და მომხმარებლის საპასუხო რეაქცია განაწილების სისტემის ოპერატორის დონეზე. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილზე იყოს მოწინავე ქსელი და ბაზრის მოდელი.
საქართველოში ამჟამად მოქმედებს ნეტო-აღრიცხვაზე დაფუძნებული საკუთარი მოხმარების, როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური სქემა (ე.წ. ვირტუალური ნეტო-აღრიცხვის სქემა) 500 კილოვატამდე დადგმული სიმძლავრის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მაქსიმალური ზღვით. აღნიშნულის საფუძველსწარმოადგენს საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მე-3 ენერგეტიკულ პაკეტზე. აღნიშნული კი სრულად არ ითვალისწინებს ენერგეტიკული გაერთიანების ფუნქციონალს. საქართველოში ევროკავშირის მე-4 ენერგეტიკული პაკეტის დანერგვასთან ერთად მოსალოდნელია, რომ მოძველებულ (არასაბაზრო) პრინციპებზე დაფუძნებული ნეტო-აღრიცხვის სქემები შეიცვლება ერთობლივი ქმედებების შესაბამისი ადგილობრივი ენერგეტიკული გაერთიანების შესაძლებლობებით, რამაც უფრო მოქნილი და ახალი ბიზნეს შესაძლებლობები უნდა შესთავაზოს დაინტერესებულ პირებს ელექტროენერგიის ბაზარზე.
ამ ეტაპზე საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების შესახებ კანონმდებლობა არ არის ჰარმონიზებული ევროპულ კანონმდებლობასთან. თუმცა, საქართველოს, როგორც ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეს, ვალდებულება აქვს, უახლოეს მომავალში მოახდინოს აღნიშნული კანონმდებლობის ჰარმონიზება, რაც საქართველოს მოქალაქეებს უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, გახდნენ აქტიური მომხმარებლები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საქართველოში ერთობლივი ქმედებების/ენერგეტიკული გაერთიანებების დანერგვის მხარდაჭერა და პოპულარიზება, ასევე მოსახლეობის ახალი ცოდნითა და შესაძლებლობებით აღჭურვა. ამ კუთხით, საქართველოში Horizon 2020-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოში მიმდინარეობს პროექტი SHAREs, რომლის მიზანია, დაეხმაროს ერთობლივ ქმედებებს, რაც ხელს შეუწყობს ენერგოეფექტიანობის გაზრდას, ენერგიის ოპტიმიზებულ მართვას და განახლებადი ენერგიის ათვისებას საქართველოში. SHAREs-ი მხარს უჭერს დაინტერესებულ მხარეებს ენერგეტიკული გაერთიანებების ჩამოყალიბებაში ან გაფართოებაში და საშუალებას აძლევს მათ, უშუალოდ დაუკავშირდნენ მომხმარებლებს, მათ შორის მათ, ვისაც ჯერ კიდევ არა აქვს ინტერესი ან არ იცნობს ენერგეტიკული გაერთიანებების კონცეფციას. აღსანიშნაცია, რომ SHAREs პროექტის ფარგლებში შეიქმნა საინფორმაციო პორტალი საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების შესახებ - www.energy4all.ge, სადაც განთავსებულია ტექნიკური, იურიდიული, ფინანსური, საკანონმდებლო-მარეგულირებელი ინფორმაცია, აგრეთვე გზამკვლევები და დამხმარე მასალები, რომელიც დაეხმარება ყველა დაინტერესებულ პირს ენერგეტიკული გაერთიანებების ჩამოყალიბების პროცესში.
პროექტ SHAREs-ის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები ხელს შეუწყობს საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების პრაქტიკული მაგალითების დანერგვას და ასევე ევროპულ გამოცდილების გადმოტანას. აღნიშნული კი გააძლიერებს საქართველოს მოქალაქეებს და ხელს შეუწყობს ენერგეტიკული გაერთიანებების ფართო მასშტაბით ჩამოყალიბებას საქართველოს ენერგეტიკული კანონმდებლობის მე-4 ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნებთან სრული ჰარმონიზაციის შემდეგ.