საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა კიდევ გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვაში ჩართულია 1459 სადგური, ხოლო ჯამური დადგმული სიმძლავრე 97 მეგავატს შეადგენს. მათ შორის, სს „თელასის“ ქსელში ჩართულია 378 სადგური ჯამური დადგმული სიმძლავრით 31 მგვტ, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში - 1081 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 66 მგვტ.
სს „თელასის“ ქსელში საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ჩართულია 207 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 171 ელექტროსადგური. რაც შეეხება სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელს, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ჩართულია 621, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 460 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური.
მომხმარებლებს შევახსენებთ, რომ განახლებადი ენერგიების გამოყენების მიზნით სემეკის მიერ დანერგილი რეგულაციების შესაბამისად, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების (მზე, ქარი, წყალი გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას.
შეგახსენებთ, რომ ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.