დავით ნარმანია აცხადებს, რომ საქართველოში ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული ობიექტების რაოდენობამ 1 000 ერთეულს მიაღწია. სემეკის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ნეტო-აღრიცხვის მიმართულებით პროცედურები საკმაოდ გამარტივებულია, რაც სტიმულს აძლევს ადამიანებს იმისათვის, რათა პროცესში აქტიურად ჩაერთონ.
“ნეტო-აღრიცხვის კუთხით საკმაოდ მაღალი აქტივობაა. ამ კუთხით სემეკს მაქსიმალურად ხელშემწყობი მექანიზმები აქვს დადგენილი. ყველაზე მაღალი ზღვარი სწორედ ნეტო-აღრიცხვის მიმართულებით გვაქვს, კერძოდ 500 კილოვატი ერთ აბონენტზე. გარდა ამისა, 2027 წლამდე დადგენილი გვაქვს ქსელური გატარების ტარიფის შეღავათი, რაც ასევე მნიშვნელოვანია ფინანსური თვალსაზრისით. ზოგადად ნეტო აღრიცხვაში ჩართვის მიმართულებით ძალიან მარტივი პროცედურები გვაქვს. დამტკიცებულია განაცხადის მარტივი ფორმა, მრიცხველის დაყენების საფასურს იხდის დაინტერესებული პირი დადგმული სიმძლავრის შესაბამისად და ენერგიის გამანაწილებელი კომპანიები მას უკვე ქსელთან აერთებენ.
სწორედ ამიტომ უკვე 1 000 ერთეულამდე ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული ობიექტები გვაქვს, ძირითადად მზის ენერგიის მიმართულებით. ამასთან ამ ობიექტების დადგმულმა სიმძლავრემ ჯამში 80 მეგავატას გადააჭარბა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ენერგიით ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება ხდება, ხოლო ნამეტი ენერგია, რაც დარჩება გადაედინება ქსელში და ავტომატურად ხდება ჩვენს მიერ დადგენილი წესით ამ სიჭარბეზე ანგარიშსწორება კომპანიის მხრიდან“. - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ საქართველოში ნეტო-აღრიცხვის მექანიზმი ამოქმედდა 2016 წელს, კომისიის მიერ მიღებული შესაბამისი დადგენილებით . თავდაპირველად დაშვებულ იქნა ინდივიდუალური მიერთებები, რამაც ბიძგი მისცა სამომხმარებლო დონეზე მიკროელექტროსადგურების მიმართ ინტერესს. მეორე ეტაპზე, 2019 წელს, კომისიამ განახორციელა ცვლილებები ზემოაღნიშნულ რეგულაციაში, რომელმაც გაითვალისწინა მომხმარებელთა ჯგუფის ერთობლივი ჩართვის შესაძლებლობა ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში, ხოლო 2020 წელს ასევე კომისიის გადაწყვეტილებით მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მაქსიმალური დასაშვები დადგმული სიმძლავრე 100 კილოვატიდან გაიზარდა 500 კილოვატამდე.
ნეტო-აღრიცხვის სისტემა ხელს უწყობს მომხმარებლის აქტიური ჩართვას საცალო ელექტროენერგეტიკული ბაზრის ფუნქციონირებაში.