წყალმომარაგების სექტორი ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს, რომელსაც სემეკი 2007 წლიდან არეგულირებს. მარეგულირებელი კომისიის ძირითად ფუნქციებში შედის წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის გაცემა, წყალმომარაგების ლიცენზიატებისთვის ტარიფების დადგენა, მიწოდებისა და მოხმარების წესების დადგენა, საინვესტიციო პროექტების შეთანხმება, სალიცენზიო პირობების შესრულების მონიტორინგი და ა.შ.

უნდა აღინიშნოს, რომ კომისია ცდილობს სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. შესაბამისად, უკანასკნელი წლების  განმავლობაში გატარდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელთა შორისაა:

  • დარგში განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება;
  • ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილება;
  • სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების მეთოდოლოგიის შემუშავება;
  • ანგარიშგების ფორმებისა და სალიცენზიო პირობების მონიტორინგის პრინციპების ცვლილება;
  • ახალი ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებული რეგულაციების ცვლილება.

ამასთან, 2017 წელს შემუშავდა და დამტკიცდა „სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესები“, 2019 წელს კი – „წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების შეფასების წესები“, დადგინდა ტარიფები და ლიცენზიატი საწარმოების სალიცენზიო საქმიანობის მონიტორინგის განხორციელებისათვის საჭირო ანგარიშგების ფორმები, რამაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მონიტორინგის მექანიზმები.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში წყალმომარაგების სექტორში ოპერირებს წყალმომარაგების 8 ლიცენზიატი. წყალმომარაგების სექტორში მოქმედი ლიცენზიატებიდან 1 წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოს, 5 - მუნიციპალურს და 2 - კერძო საკუთრებაში არსებულს. მოსახლეობის 68.1%-ის (2 მილიონ ადამიანზე მეტი) სასმელი წყლით წყალმომარაგებას უზრუნველყოფენ წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიები, ხოლო 31.9 %-ის (მილიონ ადამიანზე მეტი) წყალმომარაგებით უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ვალდებულებას წარმოადგენს.