მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალ კაშხალს შორის შემავალმა „ენგურჰესმა“ ტურისტული დატვირთვა 2022 წლიდან შეიძინა. ამ პერიოდიდან მოყოლებული „ენგურჰესი“ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტუმრებს შთამბეჭდავი ტურებით ემსახურება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ენგური ატრაქცია ყოველდღიურად ვითარდება, რაც ტურისტების დამატებითი ნაკადის მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა. როგორც „ენგური ატრაქციას“ დირექტორი ნიკა ანთიძე აცხადებს, დიდი მოლოდინია იმის, რომ უახლოეს პერიოდში ადგილზე ვიზიტორების რიცხვი მკვეთრად გაიზრდება და ამაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
„მოგეხსენებათ, „ენგურჰესი“ ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი და ის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. „ენგურჰესი“ მსოფლიო მასშტაბით 10-ეულში შედის როგორც სიმაღლით, ისე ფართობით. ამიტომ მოლოდინები დიდია.
ვვითარდებით ინფრასტრუქტურულად და განვითარება გულისხმობს, რომ ვიზიტორებისთვის გვაქვს კინოთეატრი, სადაც ვაჩვენებთ 9-წუთიან ფილმს „ენგურჰესის“ მშენებლობის ისტორიაზე. აქ ასევე ვაჩვენებთ ანიმაციას, იმაზე, თუ როგორ მუშაობს ჰესი. გვაქვს ასევე არაჩვეულებრივი მხატვრის ქეთი მელქაძის ნამუშევრების გამოფენა-გალერეა. გვაქვს სუვენირების მაღაზიები, კაფეები. ასევე ემოციების გამოხატვის ოთახი. სულ ცოტა ხანში ამუშავდება კედელზე ჩოხის ატრაქცია. უკვე შემოგვეხმიანენ ადამიანები, რომელთაც ზიპლაინის მოწყობა უნდათ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ საინტერესო გავხადოთ ჩვენთან სტუმრობა და ველით, რომ ვიზიტორების რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება“, - აცხადებს ნიკა ანთიძე.
ნიკა ანთიძის განცხადებით, ატრაქცია ნელ-ნელა სულ უფრო საინტერესო ხდება როგორც ვიზიტორებისთვის ასევე ინვესტორებისთვის.
„2018 წელს შეიქმნა პროექტი, რომელიც „ენგურჰესის ატრაქცია“ მსოფლიო დონის ობიექტად უნდა ექცია. ამ პროექტის ღირებულება 100 მლნ ლარი იყო. მე ცოტა სხვანაირად შევხედე პროცესს, რადგან ვიფიქრე, რომ ჯერ უცნობ ლოკაციაში ამ თანხის ჩადება ლოგიკური არ იყო. მთავარ მიზნად დავისახეთ ცნობადობის გაზრდა და ამას უკვე გარკვეულ დონეზე მივაღწიეთ. ჩვენი ობიექტი უკვე საინტერესოა ინვესტორებისთვის. მაგალითად ზიპლაინის გააკეთებს ინვესტორი, რომელიც თავად დაგვიკავშირდა და შემოგვთავაზა თანამშრომლობა. ჩვენ შევთანხმდით და უკვე მომავალი წლის გაზაფხულზე ვფიქრობ, რომ უკვე ზიპლაინი ამოქმედდება.
რაც შეეხება კედელზე ცოცვას, ეს უკვე წელსვე იქნება ვიზიტორებისთვის შეთავაზებული.
ასევე იგეგმება გარე ნაწილში ლიფტების გაკეთება და სხვადასხვა საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტები“, - აღნიშნა ნიკა ანთიძემ.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივნისიდან დღემდე „ენგური ატრაქციამ“ ჯამში 110 000 ვიზიტორს უმასპინძლა.