ქვეყანამ ყურადღება უნდა მიაქციოს ჰიდროტექნიკური ნაგებობების სეისმური მდგრადობის კრიტერიუმებს და ადრეული გაფრთხილების სისტემებს - ამის შესახებ “საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის” თავმჯდომარე დავით მირცხულავა „ენერგონიუსთან“ აცხადებს.

ეს საკითხი ორგანიზაციამ კონფერენციაზე - “კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად გარემოში” განიხილა.

„ეს თემა მთელ მსოფლიოში გახდა აქტუალური. რამდენიმე წლის წინ საქართველო მიუერთდა დეკლარაციას, რომელიც "მაღალი კაშხლების საერთაშორისო ორგანიზაციამ" გამოაცხადა და თითქმის ყველა ქვეყანა მიუერთდა. ეს ნაგებობები და მათ უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის კეთილდღეობისთვის. ადამიანებმა, რომლებიც მდინარის ქვედა წელში ცხოვრობენ, უნდა იცოდნენ, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან. თურქეთის მიწისძვრის შემდეგ, ძალიან გაიზარდა ინტერესი ამ საკითხის მიმართ. მართალია, ეპიცენტრთან ახლოს მდებარე არც ერთი ჰიდროტექნიკური ნაგებობა, კაშხალი არ დაზიანებულა და ავარია არ მომხდარა, მაგრამ, მაინც არის საჭირო, რომ ყველა ქვეყანამ ყურადღება მიაქციოს სეისმური მდგრადობის კრიტერიუმებს“ - აცხადებს დავით მირცხულავა.

მისივე თქმით, საქართველოში უამრავი კაშხლის ასაკი თითქმის, 100 წელს უახლოვდება. კაშხლების ნაწილი ენერგეტიკული, წყალმომარაგების თუ მელიორაციული დანიშნულებისაა. აუცილებელია, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რადგან, წარსულში სეისმური ანგარიშები გაცილებით მარტივი და განსხვავებული იყო.

„დღეს ეს ანგარიშები უფრო დინამიკურია, უფრო დაიხვეწა. ამიტომ, საჭიროა, რომ ყველა ეს ნაგებობა კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს. თუმცა, სტატისტიკით, მხოლოდ ერთი კაშხალია - ისიც გრუნტის ნაგებობის, რომელიც დაინგრა იაპონიაში. სხვა კაშხლების, თანაც ბეტონის კაშხლის ნგრევის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა.

დღეს, მეორე სესიაზე წარმოდგენილი იქნება გეოდინამიკური რისკებისთვის გამზომი მოწყობილობები, მოგეხსენებათ, შოვის ტრაგედიის შემდეგ, უამრავი საუბრებია - სპეციალისტები გამოდიან, რომ ადრეული განგაშის სისტემები დაინერგოს. საფუძველი არის სწორედ ეს გამზომი სისტემები. ყველას ექნება საშუალება გაეცნოს ამ გამზომ სისტემებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, აღვჭურვოთ პოტენციურად საშიში ყველა უბანი აღნიშნული გამზომი სისტემებით“ - აცხადებს დავით მირცხულავა „ენერგონიუსთან“.

მისივე თქმით, ჰესებს მუდმივად სჭირდებათ უსაფრთხოების მონიტორინგი და ამ მიმართულებით, ძალიან ბევრია ქვეყანაში გასაკეთებელი.

„ეს ის ნიშაა, რომელიც უნდა შევავსოთ, რადგან, დღეს რეალურად მხოლოდ ორი ნაგებობა გვაქვს, სადაც გამზომი სისტემებია დამონტაჟებული - ენგურის ნაგებობა და ასევე, ჟინვალჰესი, სადაც, პირველად, ქვეყნის ისტორიაში ადრეული გაფრთხილების სისტემა მოეწყო. თუმცა, ამ მიმართულებითაც, მუდმივი განახლებაა საჭირო“ - ამბობს დავით მირცხულავა.