მაღალი რისკის ჰიდრონაგებობების საიმედოობის უზრუნველსაყოფად, ახალი კანონის მიღება იგეგმება.

ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი სხვადასხვა დაინტერესებულმა მხარემ უკვე განიხილა.

როგორც „ენერგონიუსს“ “საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის” თავმჯდომარემ დავით მირცხულავამ განუცხადა, მსგავსი ტიპის კანონმდებლობა ქვეყანას ძალიან სჭირდება.

„ჩვენ გვაქვს შვეიცარიელი და ფრანგი ექსპერტების დახმარებით თავის დროზე მომზადებული კანონმდებლობა, რომელიც აუცილებლად მისაღებია ჩვენს ქვეყანაში და ამ მიმართულებით მართლაც, ძალიან ბევრია გასაკეთებელი“ - აცხადებს დავით მირცხულავა.

კანონპროექტი განიხილეს სემეკ-შიც. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის თქმით, დღეს არსებობს მხოლოდ რეგლამენტი, რომელიც ჰიდროტექნიკური ნაგებობის უსაფრთხოებას განსაზღვრავს - არსებული რეგლამენტით, საკუთრივ საინჟინრო ნაგებობებს და მის მფლობელებს მოეთხოვებათ 5 წელიწადში ერთხელ მისი შემოწმება, და შემდეგ შედეგების წარმოდგენა. კანონის მიღების შემდეგ კი, ეს პროცესი სისტემურ ხასიათს მიიღებს.

„მარეგულირებელ კომისიაში იყო კიდეც წარმოდგენილი აღნიშნული კანონპროექტი და განვიხილეთ. ჩვენ ეს კანონპროექტი გადავაგზავნეთ და მივეცით მას შემდგომი მსვლელობა. არსებობს ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც დღეისთვის ამოსავალი დოკუმენტია, თუმცა, დარგის სპეციალისტების მიხედვით, ეს არასაკმარისია, ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ დაიხვეწოს კანონმდებლობა და მარეგულირებელი ნორმები.

მიდგომა გახდება უფრო მეტად სისტემური, განისაზღვრება კონკრეტული ორგანო, რომელიც იქნება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი“ - აცხადებს დავით ნარმანია "ენერგონიუსთან".