საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, 2024 წლის ივლისის თვის მდგომარეობით, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ მოხდა „მტვარი ჰესის“ პროექტის 100%-იანი წილის გასხვისება. აღნიშნული პროექტი შეიძინა ქართულმა კომპანიამ სს „ჰიდროჯენიუსმა“, რომელიც გაარძელებს პროექტის მშენებლობის დასკვნით სამუშაოებს.
"მტკვარი ჰესი, ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია საქართველოს ჰიდროენერგიის მიმართულებით. პროექტის ჯამური დადგმული სიმძლავრე 54.1 მგვტ-ია, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 259.8 მლნ კვტ.სთ. მტკვარი ჰესის მშენებლობის ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი ეტაპი 2020 წლის თებერვლის თვის დასაწყისში შესრულდა, რაც გულისხმობდა Double Shield TBM-ით გაყვანილი ყველაზე გრძელი და დიდი დიამეტრის მქონე გვირაბის ექსკავაციის დასრულებას.
როგორც მოგეხსენებათ, ყველა კერძო საინვესტიციო ფონდის ინტერესი ინვესტიციის განხორციელება და შემდეგ სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით კომპანიის საინვესტიციო წილს გასხვისებაა. ჩვენ რამდენიმე პროექტში სწორედ ამ ეტაპზე მივედით და ვაწარმოეთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ინვესტორებთან. “მტკვარი ჰესის” პროექტის გასხვისებაც სწორედ ამის მაგალითია,"-აღნიშნულია ფონდის მიერ "ბიზნესპარტნიორისთვის" გამოგზავნილ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, 2014 წელს თანაინვესტირების ფონდმა მრავალი წლის მანძილზე გაჩერებული პროექტი სრულად შეისყიდა და მშენებლობა განაახლა.
აღნიშნული პროექტის ჯამური დადგმული სიმძლავრე 54.1 მგვტ-ია, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 259.8 მლნ კვტ.სთ. აღსანიშნავია, რომ პროექტის სავარაუდო წლიური გამომუშავება შეადგენს საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარების 1.8% -ს (2022 წელს 14.2TWh). 2020 წლის თებერვლის თვის დასაწყისში, „მტკვარი ჰესის“ ფარგლებში, საქართველოში Double Shield TBM-ით გაყვანილი ყველაზე გრძელი და დიდი დიამეტრის მქონე გვირაბის ექსკავაცია დასრულდა, გვირაბის სიგრძე 9,6 კმ-ია, ხოლო ექსკავაციის დიამეტრი 6 მეტრი.