საქართველომ დიდი ძალისხმევა და ფინანსები ჩადო შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი კაბელის პროექტში - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.
„ეს ძალიან რთული პროექტია, მაგრამ ამავდროულად, გაყიდვადი, თუკი, ჩვენ ახლოს ვიქნებით და ერთმანეთს მხარს დავუჭერთ, შედეგი ნამდვილად დაიდება. ორ თვეში ჩვენ გვექნება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგები. ამის შემდეგ მივიღებთ დამატებით მონაცემებს, მაგალითად - რა დაჯდება ეს პროექტი, რა პერიოდის განმავლობაში შეიძლება განხორციელდეს. რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს“ – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
მისივე თქმით, გამოწვევაა ისიც, რომ მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი გემი, რომელსაც შეუძლია ამგვარი კაბელის ღრმად გაყვანა ზღვის ქვეშ. პრობლემურია შესაბამისი მახასიათებლის კაბელის დამზადებაც.
„სულ 3 ან 4 ამგვარი გემია მსოფლიოში. ამგვარი კაბელის დამზადებაც სულ ორ-სამ საწარმოს შეუძლია. 2027-2028 წლამდე მათ ყველა დაკვეთა მიღებული აქვთ, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო პროდუქტიულები ვიყოთ და უფრო მეტი გავაკეთოთ. ამ პროექტის უმეტესი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე გადის, როგორც ხმელეთზე, ასევე წყალშიც. ეს იქნება ყველაზე ღრმად გაყვანილი კაბელი - 2000 მ-ზე მეტრ სიღრმეზე და იქნება ყველაზე გრძელი კაბელი.
პირველადი კვლევა იტალიურმა კომპანიამ მოამზადა და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს გარემოს დაცვის საკითხებთან, ასევე, ადგილმდებარეობის და მარშრუტის, გზების გაყვანის მიმართულებით. ჩართული ქვეყნების შემდეგი შეხვედრა გაიმართება ბუდაპეშტში. წინა შეხვედრაზე ოთხმა ქვეყანამ გავაფორმეთ დოკუმენტი და ახალი კომპანიის შექმნას მოვაწერეთ ხელი. ჩვენ ნამდვილად ღირებული შედეგები გვაქვს, მაგრამ უფრო ძლიერი ნაბიჯები უნდა გადავდგათ სამომავლოდ“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.