შავი ზღვის კაბელი იქნება სამხრეთ კავკასიის კარიბჭე ევროპაში - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონული დირექტორი ჩარლზ ჯეი კორმიერი აცხადებს.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა გააუმჯობესოს შავი ზღვის კაბელის კომერციული და სოციალური ჩარჩო, და ისე წარუდგინოს მსოფლიო ბანკს.
„შავი ზღვის კაბელი ძალიან საინტერესო იდეაა, იმ კუთხით, რომ ევროკავშირი ცდილობს დივერსიფიცირება მოახდინოს საკუთარი ენერგიის იმპორტის, ცდილობს, რომ ჩამოშორდეს რუსულ ენერგეტიკულ ბაზარს და ეძებს ახალ წყაროებს. შავი ზღვის კაბელი იქნება სამხრეთ კავკასიის კარიბჭე ევროპაში. ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და ყველაზე ღრმად განთავსებული ზღვისქვეშა კაბელი. საქართველოს ექნება შესაძლებლობა განავითაროს უფრო მეტი ჰიდროენერგია, აზერბაიჯანს კი - უფრო მეტი ქარის ენერგიის განვითარების შესაძლებლობა, და მთლიანობაში, სამხრეთ კავკასიაში გაჩნდება პირობები ევროპისთვის ელექტროენერგიის ექსპორტის ბაზრის შესაქმნელად. ეს სასარგებლო იქნება საქართველოსთვისაც, იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს ძალიან მსხვილი ჰიდროენერგეტიკული ბაზა და იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანას არ აქვს საკმარისი გამომუშავება, მაგალითად, ზამთარში, შეუძლია ელექტროენერგიის იმპორტიც განახორციელოს ევროპიდან. ეს დაასტაბილურებს და გააუმჯობესებს მიწოდების საიმედოობას საქართველოში.
ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, რომ გააუმჯობესოს შავი ზღვის კაბელის კომერციული და სოციალური ჩარჩო, რათა ჩვენს ტექნიკური დახმარების საბჭოს გრძელვადიანი, კარგი, ერთიანი გეგმა შესთავაზოს, რაზეც სამი ფისკალური წლის განმავლობაში ვიმუშავებთ და დავეხმარებით საქართველოს ამ მიზნის მიღწევაში“ - აცხადებს ჩარლზ ჯეი კორმიერი.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ამ პროექტში მსხვილი ინვესტიციების საჭიროებაა და ეს მოცულობა მილიარდობით დოლარს უტოლდება. სწორედ ამიტომ, კომერციული ჩარჩოს გაუმჯობესება მდგომარეობს იმაში, კაბელის საშუალებით ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვის უტყუარი გზები შეიქმნას.
„უნდა დარწმუნდეთ, რომ იქნებიან ელექტროენერგიის გამყიდველები და მყიდველები. ჩვენ უნდა შევხედოთ კომერციულ კონტრაქტებს, ვიდრე გრძელვადიანი კონტრაქტების დადების შესაძლებლობა გვექნება. უნდა ვნახოთ, თუ რა პირობებზე იქნებიან ელექტროენერგიის მყიდველები და გამყიდველები თანახმა ეს კონტრაქტები გააფორმონ - ეს რაც შეეხება მოთხოვნას. თქვენ ასევე გჭირდებათ, რომ უზრუნველყოთ მიწოდებაც. ამ დროისთვის, მე არ მგონია, რომ საქართველოს ელექტროენერგიაში დიდი ვაჭრობა აქვს. მას სჭირდება კიდევ უფრო განავითაროს თავისი გამომუშავების სიმძლავრეები, რათა ექსპორტის ბაზრის შექმნა შეძლოს. ეს კი ამ პროექტში რისკის სახეებია. ასევე, ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ტიპის ინვესტიციები, რომელიც ზღვის ფსკერზე ხორციელდება, იმგვარად იქნება აგებული, რომ არ ექნება გავლენა ზღვის ეკოსისტემაზე და გარემოზე. ეს არის ის, რასაც ჩვენ შევაფასებთ შავი ზღვის კაბელის პოტენციალთან ერთად. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არ არის მხოლოდ ელექტროგადამცემი კაბელი, ეს ასევე, მოიცავს ციფრულ კაბელსაც. ეს კი თანაბრად მნიშვნელოვანია - ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ მოთხოვნას ფართოზოლოვან ინტერნეტმომსახურებებზე, რომელიც შემდეგ 5 წელიწადში 30% იქნება. ამ დროისთვის ფართოზოლოვანი ინტერნეტის მხოლოდ ერთი წყაროა, როგორიცაა International Gateway. ეს კი შექმნიდა მეორე წყაროს, უფრო მეტ კონკურენციას და იმედია, შეამცირებს ფასებსაც. ეს კი, კიდევ ერთი სარგებელია ამ ძალიან მნიშვნელოვანი კაბელის”- აცხადებს ჩარლზ ჯეი კორმიერი.