გარდა ჩართული ქვეყნებისა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით არაერთმა ქვეყანამ გამოთქვა დაინტერესება - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტის მხარდამჭერი „მსოფლიო ბანკია“. კვლევის დასრულების შემდეგ კი, პირველი ნაბიჯი ტექნიკური და ფინანსური რესურსების მოძიების მიზნით სამუშაოების ჩატარება იქნება. გაკეთდება გეგმა-გრაფიკი, რათა თითოეულმა სახელმწიფომ შეძლოს საკუთარი ფინანსური და ტექნიკური რესურსების მობილიზება.
„ეს ინიციატივა საქართველოს ეკუთვნის, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს თავის მხრივ დადასტურდა ბუქარესტში ოთხმხრივი მემორანდუმის ხელმოწერით. ამ მემორანდუმს ხელი მოაწერა საქართველომ, რუმინეთმა, ბულგარეთმა და აზერბაიჯანმა. შედეგად, თითოეულმა სახელმწიფომ აიღო როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური ვალდებულება ამ პროექტში ერთობლივი კონტრიბუციის მიზნით.
ამჟამად თითოეული ჩვენგანი ველოდებით შესწავლის შედეგად გამოვლენილ ტექნიკურ და ფინანსურ მაჩვენებლებს, რათა შევძლოთ შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა და რაც შეიძლება მალე დაიწყოს პროექტის განხორციელება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გარდა იმ სამი სახელმწიფოსი, რომელიც საქართველოს შემოუერთდა, არაერთმა ქვეყანამ გამოთქვა დაინტერესება“ - განაცხადა ჯუბო ტურაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მიზანშეწონილობის კვლევა დასკვნით ეტაპზეა, ხოლო პირველადი შედეგები ისეთივეა, რისი მოლოდინიც თავდაპირველად იყო.
„საუბარია 1195 კმ პროექტის განხორციელებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან დაიწყება და შესაძლებელი იქნება ანაკლიიდან კონსტანცასთან დაკავშირება. 1100 კმ იქნება წყალქვეშ, ხოლო 95 კმ - ხმელეთზე. ეს მოგვცემს შესაძლებლობას საორიენტაციოდ, 1200-დან 1500 მვტ-მდე ტრანზიტი განვახორციელოთ საქართველოდან ევროკავშირში.
გარდა იმისა, რომ ამ პროექტით საქართველო ხდება ევროკავშირის უმთავრესი პარტნიორი, უკვე ამერიკამაც დაადასტურა, რომ დაინტერესებულია პროექტის განვითარებით. პროექტი ემსახურება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, გაჯანსაღებასა და განახლებადი ენერგორესურსების დივერსიფიცირებას“ - აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.