ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია „ყაზმუნაიგაზი“ მიმდინარე თვეში კომპანია Tengizchevroil-ის რესურსებიდან ნავთობის ექსპორტს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) ნავთობსადენით დაიწყებს. ინფორმაციას აზერბაიჯანული საგენტო Report ინდუსტრიის სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, თებერვალში მიწოდებამ შესაძლოა, 120 000 ტონას მიაღწიოს.
აქტაუს ნავთობტერმინალის მფლობელ კომპანია Kaztransoil-ის პრესსამსახურში Report-ს განუცხადეს, რომ „2023 წლის თებერვალში Kaztransoil აქტაუს პორტში Tengizchevroil-ის კუთვნილი 120 000 ტონა ნავთობის ჩატვირთვას გეგმავს,“ თუმცა შემდგომ მარშრუტს კომპანია არ აკონკრეტებს.
ტრეიდერების მონაცემებით, „ყაზმუნაიგაზი“ ბთჯ-ის მილსადენით ტრანსპორტირებისთვის კომპანია Tengizchevroil-ის ნავთობს გამოიყენებს, რომელსაც ამერიკული კომპანია, Chevron მართავს. Tengizchevroil-ში წილი ყაზახეთის სახელმწიფო ჰოლდინგ „ყაზმუნაიგაზსაც“ ეკუთვნის, რომელიც თურქეთის პორტ ჯეიჰანიდან გადაზიდვით Azeri BTC-ის მარკის ნავთობს თავად გაყიდის. ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე ჯეიჰანიდან თვეში Azeri BTC-ის ნავთობის თითო პარტიის გატანა იგეგმება, რაც შემდეგ ორ პარტიამდე გაიზრდება.
ყაზახეთის ნავთობი ბთჯ-ის მილსადენს შერეული გზით მიეწოდება. კერძოდ, მარშრუტის ნაწილი რკინიგზას, ნაწილი კი კასპიის ზღვით ტრანსპორტირებას მოიცავს, სადაც ნედლეული აქტაუს პორტიდან მცირე ტანკერებით ჯერ ბაქოს მიეწოდება, შემდეგ კი ბთჯ-ის მილსადენში იტვირთება.
Tengizchevroil-ის ნედლეულის ექსპორტი 2015 წლამდე სწორედ ბთჯ-ის მილსადენით ხდებოდა. ყაზახეთი ამ მილსადენით წელს 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს გეგმავს, რაზეც „ყაზმუნაიგაზი“ მოლაპარაკებებს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-თან აწარმოებს, ხოლო სამომავლოდ ყაზახური მხარე ყოველწლიური მოცულბის 6-6,5 მილიონ ტონამდე გაზრდას განიხილავს. თუმცა ამჟამად ყაზახური ნავთობის ექსპორტი კასპიის ზღვით შეზღუდულია, რადგან აქტაუს პორტის წლიური სიმძლავრე 5,5 მილიონ ტონას შეადგენს, საიდანაც, დაახლოებით, 2,1 მილიონი ტონა მახაჩკალაში, შემდეგ კი ნავთობსადენით ნოვოროსიისკში იგზავნება.
ტრანსკასპიური გადაზიდვის კიდევ ერთი პრობლემა ტონაჟის დეფიციტი და ტანკერების მცირე ფლოტია. თუმცა ტრანსკასპიური ტრანზიტის გასაზრდელად „ყაზმუნაიგაზმა“ გასულ თვეში არაბეთის გაერთიანებული საემიროების Abu Dhabi Ports Company-სთან (ADP) სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა. შეთანხმების ფარგლებში მხარეები გეგმავენ ტანკერების ფლოტის შექმნას ყაზახური ნავთობის ექსპორტის ალტერნატიული მარშრუტების გათვალისწინებით, რაშიც მთავარ მარშრუტად აქტაუს გავლით აზერბაიჯანი-საქართველოს მიმართულება სახელდება.
Tengizchevroil-ის მთავარი აქციონერები ამერიკული Chevron (50%), Exxon Mobil (25%), „ყაზმუნაიგაზი“ (20%) და „ლუკოილი“ (5%) არიან.
25 იანვარს სააგენტო Reuters ინდუსტრიის ორ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ Tengizchevroil ნედლი ნავთობის ექსპორტს ბათუმის პორტის გავლითაც გაზრდის, რაც იანვარ-თებერვალში 150 000 ტონას მიაღწევს.
სააგენტო სარკინიგზო მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ გასულ წელს ბათუმის პორტის გავლით Tengizchevroil-ის ყოველთვიური ექსპორტი, საშუალოდ, 21 000 ტონას შეადგენდა. Tengizchevroil-მა ექსპორტი დეკემბერშიც გაზარდა, როცა ბათუმის გავლით 50 700 ტონა ნავთობი გაიტანა, ხოლო 2022 წელს მიწოდების მთლიანმა მოცულობამ 252 510 ტონა შეადგინა.
Reuters-ის შეფასებით, მართალია, Tengizchevroil-ის მთავარი საექსპორტო მარშრუტი კასპიის მილსადენის კონსორციუმია, რომლის ბოლო წერტილიც ნოვოროსიისკის მიმდებარე რუსეთის საზღვაო ტერმინალი „იუჟნაია ოზერეევკაა,“ თუმცა ყაზახური კომპანია „ალტერნატივას ეძებს, რომ მოსკოვზე ევროპული სანქციებით წარმოქმნილი ნებისმიერი რისკი თავიდან აიცილოს.“
მაშინ Reuters-ს ანონიმურმა წყაროებმა განუცხადეს, რომ Tengizchevroil-ს ბათუმამდე რკინიგზით, ხოლო შემდეგ საზღვაო ექსპორტზე იანვარში 100 000 ტონა, ხოლო თებერვალში 50 000 ტონა ნავთობი უნდა გაეგზავნა. თუმცა სააგენტოსთვის იანვარში გაგზავნილი რეალური მოცულობა უცნობი იყო, რადგან ტრეიდერებს ბათუმში Tengizchevroil-ის ნავთობკასრები არ შეუნიშნავთ.
Reuters-ის ცნობით, ბათუმის ტერმინალის მფლობელი ყაზახეთის მილსადენის ოპერატორი კომპანია Kaztransoil-ია, რომელსაც, ასევე, აქტაუს ნავთობტერმინალი ეკუთვნის.
წყარო: bpn.ge