BP მეოთხე კვარტალში 3 მილიარდი დოლარის მოგების შესახებ აცხადებს. აღნიშნული მოგება პროგნოზს აღემატება, რაც ამ პერიოდში გაზზე გაძლიერებულმა ვაჭრობამ განაპირობა. ამასთან, კომპანიამ თავისი სტრატეგიის მიმართ ნდობის განმტკიცების ნიშნად, აქციების უკან გამოსყიდვის ტემპი გაზარდა და ამით უპასუხა იმ ინვესტორებს, რომლებმაც კომპანიის სტრატეგია ეჭვქვეშ დააყენეს.

BP-ის აქციები 5%-ზე მეტით გაიზარდა ლონდონის ადრეულ ვაჭრობაში. ენერგეტიკული გიგანტის 2023 წლის მოგებამ ჯამში, 13,8 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით განახევრებული მაჩვენებელია, ნავთობისა და გაზის ფასების შემცირების და გადამუშავების მოგების მარჟის შესუსტების გამო.

თუმცა, მეოთხე კვარტლის მაღალი მოგება ერთგვარი გამარჯვება იქნება კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მიურეი ოჩინკლოსისთვის, რადგან კომპანიამ წინა ორი კვარტლის მოგების პროგნოზი ვერ გაამართლა.

ოჩინკლოსი მუდმივი აღმასრულებელი დირექტორი იანვარში გახდა, მანამდე კი, სექტემბერში, დროებით აღმასრულებელ დირექტორად წარადგინეს, მას შემდეგ, რაც ბერნარდ ლოუნი თანამდებობიდან მოულოდნელად გადადგა.

ახალი აღმასრულებელი Reuters-თან აცხადებს, რომ BP ერთგული რჩება თავისი სტრატეგიის, რაც გულისხმობს ნავთობისა და გაზის მოპოვების შემცირებას და განახლებადი ენერგიის წყაროებისა და დაბალი ნახშირბადის ბიზნესის მკვეთრ ზრდას ათწლეულის ბოლოსთვის.