დიზელის ფასი მცირდება. „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ საქართველოში მისი ფასი ბევრად დაბალია, ვიდრე მეზობელ თურქეთში, რაც ტრანზიტით მოძრავ ავტომობილებს და გადამზიდავებს უბიძგებს, საწვავი საქართველოს ტერიტორიაზე შეიძინონ.

„მე მაქვს ძალიან კარგი ინფორმაცია ჩვენ კომპანიებისთვის. დიზელის საწვავი თურქეთში ბევრად იაფი იყო, ვიდრე საქართველოში. ამის გამო ჩვენ ტრანზიტის ვაჭრობა დავკარგეთ. 90 ათასი მანქანა ტრანზიტად მოძრაობდა საქართველოს გავლით და ფაქტობრივად, არაფერს ყიდულობდნენ ჩვენს ავტოგასამართ სადგურებში - ბევრად იაფი ჰქონდათ საკუთარ სახლში. საქართველოს ტერიტორიაზე დასაფარი მანძილი მოკლე ჰქონდათ, გადადიოდნენ რუსეთში და იქ დაბალ ფასად იღებდნენ საწვავს. ახლა პირიქით, ჩვენთან შემცირდა ფასები, თურქეთში კი მკვეთრად მოიმატა. მათ ჰქონდათ თავიანთი პრობლემები, მიწისძვრები და ინფლაცია, რამაც თავისი გაიტანა. ახლა უკვე მაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი თურქული მანქანა საქართველოში ავსებს საწვავის ავზებს“ – აცხადებს „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი „ენერგონიუსთან“.

მისივე თქმით, ფასებს შორის სხვაობა 30 თეთრია. შექმნილი ვითარება კი, საქართველოში მოქმედი ბენზინგასამართი სადგურებისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალი იქნება.

„საქართველოს ისევე, როგორც სხვა სახის საწვავი, დიზელიც რუსეთიდან შემოაქვს. იქ ჭარბი წარმოებაა და ფასები შემცირებულია. ამიტომ, ჩვენს ბაზარზეც იაფი დიზელი იყიდება. 90 ათასი მანქანა რომელიც საქართველოს ტრანზიტით გაივლის და საწვავს ჩაისხამს, ძალიან კარგი მაჩვენებელია“ - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.

2023 წელს იანვარ-ივნისში საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო ავტოტრანსპორტის რაოდენობამ 247 754 ერთეული შეადგინა. ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.4%-ითაა გაზრდილი.