ერაყმა თავისი ნავთობისა და გაზის უზარმაზარი რეზერვუარების განსავითარებლად, 29 საძიებო პროექტი სალიცენზიოდ გამოიტანა. მიზანია, მილიარდობით დოლარის ინვესტიციების მოზიდვა და ენერგიის ახალი მარაგების აღმოჩენაა.
საძიებო ბლოკები 12 პროვინციაში, ძირითადად, ცენტრალურ და სამხრეთ ერაყშია განთავსებული და ამასთან, პირველად მოიცავს ოფშორულ საძიებო ბლოკს არაბეთის ყურის ერაყის წყლებში.
ამ დროისთვის, ქვეყნის ნავთობის სამინისტროს ცნობით, ყველაზე დაბალი შეთავაზების შემდეგ, ჩინურმა Zhongman Petroleum and Natural Gas Group (ZPEC)603619.SS-მა მოიპოვა უფლება იმუშაოს აღმოსავლეთ ბაღდადის საბადოს ჩრდილოეთი ნაწილში და შუა ევფრატის საბადოში, რომელიც გადაჭიმულია სამხრეთ ნაჯაფისა და კარბალას პროვინციებში. აღმოსავლეთ მაისანის პროვინციაში, დიმას ნავთობის საბადოზე კი, ერაყის KAR Group-მა გაიმარჯვა.
საუდის არაბეთის შემდეგ, OPEC-ის სიდიდით მეორე მწარმოებელმა ერაყმა, ლიცენზირების რაუნდი ბოლოს 2018 წელს გამართა, რაც მთლიანობაში, მეხუთე რაუნდი იყო.
„მეხუთე პლუს“ ლიცენზირების რაუნდი კი, მოიცავს ამ რაუნდიდან დარჩენილ ბევრ პროექტს და ახალ, მეექვსე რაუნდს, 14 პროექტით - თქვა ერაყის ნავთობის მინისტრმა ჰაიან აბდელ-განმა.
დაგეგმილი რაუნდისთვის წინასწარი კვალიფიკაცია 20-ზე მეტმა კომპანიამ გაიარა. მათ შორის არიან ევროპული, ჩინური, არაბული და ერაყული ჯგუფები, მაგრამ არ ფიგურირებენ შეერთებული შტატების ძირითადი ნავთობკომპანიები.
ბოლო წლებში ერაყმა ნავთობის მოპოვების სიმძლავრე დღეში 3 მილიონიდან დაახლოებით, 5 მილიონ ბარელამდე (bpd) გაზარდა. თუმცა, გიგანტების მხრიდან, როგორიცაა Exxon Mobil Corp და Royal Dutch Shell Plc რამდენიმე პროექტის დატოვება ცუდი შემოსავლის გამო, ნიშნავს, რომ მომავალი ზრდა გაურკვეველია.
ამასთან, საბადოების განვითარება შენელდა გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით კრიტერიუმებზე ინვესტორების მზარდი ფოკუსირების გამოც.