საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ უფრო ფართო კონფლიქტი ისრაელსა და ირანს შორის, სავარაუდოდ, ენერგიაზე ფასების ზრდას გამოიწვევს. ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტის პიერ-ოლივიე გურინჩასის განცხადებით, ეს, თავის მხრივ, აიძულებს ცენტრალურ ბანკებს გაამკაცრონ მონეტარული პოლიტიკა ინფლაციის გასაკონტროლებლად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის „მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივის“ „არასასურველი სცენარი“ ამბობს, რომ ნავთობის გლობალური ფასების 15%-იანი ზრდა, ასევე, წითელ ზღვაზე გართულებული ტრანსპორტირების გაზრდილი ხარჯები, სავარაუდოდ, გლობალურ ინფლაციას 0,7 პროცენტული პუნქტით გაზრდის.

„ჩვენ შევხედეთ იმ სცენარს, რომელიც განიხილავს უფრო დიდ გეოპოლიტიკურ დაძაბულობას, რაც ნავთობის ფასების, ენერგეტიკული და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდას იწვევს. რაც აღმოვაჩინეთ არის ის, რომ ეს პროცესები გლობალურ ეკონომიკაში გამოიწვევს ფასების უფრო მაღალ ზეწოლას. ეს ნიშნავს უფრო მაღალ ინფლაციას და დაბალ გამომუშავებას. იმ შეფასებით, რაც ჩვენ გვაქვს, ნავთობის ფასების მდგრადი ზრდა დაახლოებით 15% იქნება, ინფლაციის ზრდა გლობალურად კი, დაახლოებით 0,7%. ჩვენ ჯერ არ ვართ ამ სცენარში, მაგრამ, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მას” - თქვა IMF-ის პრესკონფერენციაზე მთავარმა ეკონომისტმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2024-2025 წლებში გლობალური მშპ-ს 3.2%-იან ზრდას პროგნოზირებს. ეს იგივე ტემპია, რაც 2023 წელს იყო.