“ნავთობისა და გაზის მოპოვება, ტრანსპორტირება, გადამუშავება და გამოყენება” - ასე ჰქვია პროფესორ თეიმურაზ გოჩიტაშვილის ახალ ნაშრომს, სადაც ვრცლად არის განხილული ნავთობ-და გაზსადენების დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის საკითხები, რაც განპირობებულია საქართველოს, როგორც რეგიონის წამყვანი სატრანზიტო ქვეყნის პოზიციონირებით საერთაშორისო ნავთობ-გაზის ინდუსტრიაში და შესაბამისად, აღნიშნული საკითხებით მკითხველის დაინტერესებით.

ავტორის განმარტებით, მსგავსი შინაარსის ტრადიციული გამოცემებისგან განსხვავებით, მასში ვრცლად არის წარმოდგენილი წყალბადის წარმოების, შენახვა-ტრანსპორტირებისა და ენერგეტიკაში გამოყენებისა და ატმოსფეროში წიაღისეული საწვავის წვის შედეგად ემიტირებული სათბურის გაზების შემცირების ძირითადი ასპექტები. აგრეთვე, საკითხები მოიცავს სახელშეკრულებო ურთიერთობებს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში, საქართველოს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის მდგომარეობისა და განვითარების მიმოხილვას.

ნაშრომი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში დასაქმებული მენეჯერებისა და სპეციალისტებისათვის, აგრეთვე ნავთობისა და გაზის მოპოვება/გამოყენების პროცესების ზოგადი საფუძვლებით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისა და პროფილური უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი მოიცავს როგორც ნავთობ-გაზის ინდუსტრიის ფუნდამენტური ცოდნის შემცველ, ისე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციას და დაეხმარება სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს ძირითადი მიმართულებების მიხედვით სისტემატიზებული სამეცნიერო-კვლევითი, ანალიზური და სტატისტიკური მასალების პირველწყაროების მოსაძიებლად.

ნაშრომში მოცემული მასალების გამოყენება შეუძლიათ ენერგეტიკულ სექტორში ინვესტირებით დაინტერესებულ ბიზნესმენებს, აგრეთვე რეგიონული ეკონომიკისა და გეოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს საბაზისო ინფორმაციის გასაცნობად.

ნაშრომი შეიცავს, აგრეთვე, ვრცელ ჩანართს ინგლისურ ენაზე (Introductory GUIDE into Georgian Oil and Gas Industry), რომელიც ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიისათვის დამახასიათებელ სპეციფიკასა და განვითარების პერსპექტივებზე. ამ ინფორმაციის გაცნობა დაინტერესებულ უცხოენოვან მკითხველს ზოგად წარმოდგენას შეუქმნის ქვეყნის ენერგეტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სექტორზე.

„ნაშრომის განახლებული რედაქციის გამოცემის საჭიროება განაპირობა კოვიდ- პანდემიის შემდგომი და რუსეთ-უკრაინის ომის შედეგების მნიშვნელოვანმა ზეგავლენამ გლობალურ ეკონომიკაზე, მათ შორის ნავთობისა და გაზის ბაზრის მოთამაშეების პოზიციონირებაზე - კერძოდ, ნათელი გახდა, რომ არსებით ცვლილებას მოითხოვს საერთაშორისო ბაზრების წიაღისეული ენერგეტიკული რესურსებით მომარაგების უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში დომინირებული, მაქსიმალურ ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული ტენდენცია, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ზოგიერთი ფუნდამენტური პრინციპის უგულებელყოფის ფონზე“ - განმარტავს თეიმურაზ გოჩიტაშვილი.

ბმული პუბლიკაციის ჩამოსატვირთად (ქართული):

https://erekle.uk/teimuraz.../oil-and-gas-2024.ka.html

(Eng.)

https://erekle.uk/teimuraz.../oil-and-gas-2024.html