საუდის არაბეთი და რუსეთი შეთანხმდნენ, ნავთობის მიწოდების ნებაყოფლობით შემცირება გააგრძელონ. შემცირება შეადგენს ერთობლივად 1,3 მილიონ ბარელ ნავთობის დღეში, ანუ გლობალური მოთხოვნის 1%-ზე მეტს, წლის ბოლომდე.
საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა, პრინცმა აბდულაზიზ ბინ სალმანმა რუსულ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ ნავთობის ბაზარზე აუცილებელია იყო „პროაქტიული“ და სცადო მისი დასტაბილურება. მისივე თქმით, ნავთობის მწარმოებლები სათანადოდ არ აფასებენ პროდუქციას.
„სირთულეებისგან დასაცავად, პრევენციული ზომების მიღება აუცილებელია. რაც ჩვენ განგვასხვავებს ნებისმიერი სხვა ორგანიზაციისგან არის ის, რომ ჩვენ ყოველთვის პროაქტიულები ვიყავით. რაც უფრო ვიაქტიურებთ, მით უფრო მეტად დავაბალანსებთ ვითარებას. კოლექტიური ქმედებები ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე ამ საკითხებზე ინდივიდუალურად მუშაობა" - განაცხადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა კი, იმავე ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის შეთანხმებას OPEC+-თან სტაბილიზაციის ეფექტი ჰქონდა.
„როგორც წესი, ჩვენ არ ვახსენებთ ზუსტ ციფრებს, რადგან ეს უმადური საქმეა. ჩვენი ამოცანაა არა ზუსტი ციფრების განსაზღვრა, არამედ ბალანსის უზრუნველყოფა და გრძელვადიანი გაგება, თუ როგორ განვითარდება ბაზარი. ბაზარი განსაზღვრავს ფასებს. მთავარი მიზანი ბაზრის სტაბილური მუშაობაა და ეს ჩვენი კოლექტიური ქმედებებით იქნება უზრუნველყოფილი“ - განაცხადა ნოვაკმა.