დაგეგმილია, რომ 2023 წელს 100 მგვტ-ის პროექტები შევიდეს ექსპლუატაციაში. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მომავალ წლებში ეს დინამიკა შენარჩუნდება.

„ჩვენ დაგეგმილი გაქვს რომ 2023 წელს ექსპლუატაციაში 100 მგვტ-ზე მეტი შევიდეს, რაც ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტო შედეგი იქნება. ვაპირებთ, მომავალ წლებში ეს დინამიკა შევინარჩუნოთ, ვისაუბროთ არა მხოლოდ პროექტების შეკვრაზე, დაფინანსების მოძიებაზე, არამედ, უშუალოდ, პროექტების განხორციელებაზე და დამატებითი ენერგოპოტენციალის გაჩენაზე ჩვენს ეკონომიკაში“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობა ახლა ე.წ. SFD მექანიზმით მეორე აუქციონის ჩატარებაზე მუშაობს, რაც საშუალებას გააჩენს, ინვესტორთა პროექტები სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი იყოს.

„კერძოდ, ფასის გარანტიებით. რაც მათ საშუალებას მისცემთ უფრო ადვილად შეძლონ ფინანსური რესურსის მობილიზება და პროექტების განხორციელება. დღესაც მორიგი რამდენიმე პროექტი გვქონდა მთავრობის სხდომაზე განხილული, ერთი - ეს არის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მეორე კი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში. ორივე ეს პროექტი განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.