სემეკის მიერ გამოქვეყნებული წლიური ანგარიშიდან ირკვევა, რომ გასულ წელს მომხმარებლებს ჯამში დაახლოებით 3 მილიონ 634 ათასი ლარი ჩამოეწერათ.

„2023 წელს კომისიამ განიხილა 165 განცხადება ხანდაზმულ დავალიანებებთან დაკავშირებით, საიდანაც სრულად დაკმაყოფილდა 102, ნაწილობრივ – 20, ხოლო არ დაკმაყოფილდა 43. ჩამოწერილმა თანხებმა შეადგინა 144 778. ამასთან, სულ საანგარიშო პერიოდში კომისიამ მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში შემოსული 2959 სადავო საკითხის განხილვის შედეგად მიიღო 1080 გადაწყვეტილება. ჩამოწერილი თანხების საერთო ოდენობამ საანგარიშო პერიოდში შეადგინა 3 633 914.98 ლარი. აქედან გადაწყვეტილებების საფუძველზე ჩამოწერილი თანხების რაოდენობამ შეადგინა 1 248 204.79 ლარი, ხოლო წერილების საფუძველზე ჩამოწერილი თანხების რაოდენობამ – 2 385 710. 19 ლარი“. - აღნიშნულია დოკუმენტში.

სემეკში ასევე აცხადებენ, რომ დავების განხილვის პრაქტიკისა და ახალი კანონმდებლობის გათვალისწინებით, კომისიაში მიმდინარეობს სამივე სექტორის მარეგულირებელი წესების სისტემური სრულყოფა, რაც ასევე გავლენას იქონიებს მომხმარებელთა განცხადება/საჩივრების რაოდენობასა და მათ შინაარსზე.

სემეკის დოკუმენტში ასევე ყურადღებაა გამახვილებული მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, როგორც მარეგულირებლის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკაზე.

„მომხმარებელთა უფლებების დაცვა მუდმივი გადაფასებისა და განვითარების პროცესშია. მომხმარებელთა უფლებების დამცავი ქმედითი მექანიზმების შემოღება და არსებულის გაუმჯობესება ფეხდაფეხ მიჰყვება საზოგადოების განვითარებისა და ბაზრის სტაბილურობის უზრუნველყოფის მოთხოვნებს, ამიტომ მომხმარებლებზე ზრუნვა, მათი უფლებების დაცვის ეფექტური სამართლებრივი მექანიზმების შექმნა კომისიის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. დავების განხილვისას კომისიისა და სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბება და ძირითადად მათ შესაბამისად სადავო საკითხების გადაწყვეტა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მომხმარებელთა უფლებების დაცვას და ამცირებს მათ მომართვიანობას კომისიაში“. - აცხადებს სემეკი.

აქვე შეგახსენებთ, რომ სემეკის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში ვრცლად მოცემულია ბმულზე.