საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა საქართველოსთვის სხვადასხვა სფეროში მნიშვნელოვანი შესაძლებლობას იძლევა პროცესების უფრო მეტად დახვეწისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების იმპლემეტაციის მიმართულებით. მოცემული საერთაშორისო პარტნიორობა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს, რათა საკუთარი საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტებით განავითარონ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დააჩქარონ ევროკავშირთან ჰარმონიზაციის პროცესი.

უნდა აღინიშნოს, რომ სემეკი წლების განმავლობაში საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო და აქტიურ ურთიერთობას ინარჩუნებს. როგორც მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, დაარსების დღიდან კომისია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი არის USAID. სწორედ მისი უშუალო ხელშეწყობით ჩამოყალიბდა მარეგულირებელი კომისია და შეიქმნა საბაზისო კანონმდებლობა. კომისიისათვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბება და გამყარება როგორც ევროპის, ასევე აშშ-ს მარეგულირებელ ინსტიტუტებთან. დღეისათვის კომისია წარმოადგენს ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) წევრ-დამფუძნებელ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს. ასევე, საქართველო ევროპის "ენერგეტიკული თანამეგობრობის" (Energy Community) წევრია და კომისია აქტიურად თანამშრომლობს ამ ორგანიზაციასთან. NARUC-ის "პარტნიორობის პროგრამის" ფარგლებში კომისია და აშშ-ს მარეგულირებელი კომისიები ახორციელებენ ერთობლივ პროექტებს. კომისიას მჭიდრო ურთიერთობები აქვს რეგიონის ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებთან“.

გარდა ამისა, კომისიას აქტიური საერთაშორისო ურთიერთობების ფარგლებში სხვა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტიც განუხორციელებია. მაგალითად, სემეკის ინიციატივითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის მხარდაჭერით, საქართველოში ენერგეტიკული კლუბიც გაიხსნა. ამასთან, USAID-ის დაფინანსებით და NARUC-ის ორგანიზებით მიმდინარეობდა შეხვედრები კიბერუსაფრთხოების სფეროში ინვესტიციების შეფასების შესახებ. აქვე არ უნდა გამოგვრჩეს სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, რომლის მიზანიც როგორც ენერგეტიკის სფეროში მომუშავე ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლება, ისე ზოგადად მოსახლეობის ცნობიერების ზრდაა. საერთაშორისო პარტნიორობა სწორედ ამ კუთხითაც გამოიხატება, რადგან ცენტრის ირგვლივ არსებულ პროექტებში მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ფაქტორია. სასწავლო ცენტრის პარტნიორები არიან ისეთი ფონდები და ორგანიზაციები, როგორებიცაა: ვიშეგრადის ფონდი, UNICEF, ფრიდრიხ ებერტის ფონდი  USAID. ცენტრის დირექტორის ნუგზარ ბერიძის განცხადებით, აღნიშნულ ორგანიზაციები 2024 წელს სასწავლო ცენტრს კვლევების მიმართულებით აქტიურად დაეხმარება.

მიმდინარე წელს ჩვენ უფრო მეტად ვკონცენტრირდებით კვლევით ნაწილზე. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კუთხით გასულ წელსაც საკმაოდ აქტიურად ვმუშაობდით. კავშირები გვქონდა ვიშეგრადის ფონდთან, UNICEF-სთან, ფრიდრიხ ებერტის ფონდთან და ასე შემდეგ. ამ ორგანიზაციებთან თანამშრომლობითა და სემეკის დახმარებით ჩვენ უკვე 4 კვლევით პროექტზე მოვიპოვეთ დაფინანსება. შესაბამისად, 2024 წელი ძირითადად წარიმართება კვლევითი ნაწილის შემდგომი განვითარების კუთხით“. - აცხადებს ნუგზარ ბერიძე.

დაბოლოს სემეკის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს კომისიის საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განხორციელების უზრუნველყოფა. ამ მიზნით, პირველად კომისიის ისტორიაში, წარმატებით შემუშავდა და დაინერგა საერთაშორისო სტანდარტი ISO 9001:2015 – ხარისხის მენეჯმენტის სისტემა, რაც გულისხმობს, რომ სხვა ევროპული მარეგულირებლების მსგავსად, კომისიის საქმიანობის ხარისხი სრულად შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს. აღნიშნული დადასტურდა როგორც ეროვნული აუდიტორების, ასევე საერთაშორისო სასერტიფიკაციო ორგანოს (TUV AUSTRIA) აუდიტორულ დასკვნებში.